ახალი ამბები

15 მილიონი ევრო ევროკავშირისგან მცირე ფერმერთა დასახმარებლად

19 დეკემბერი, 2013 • • 1566
15 მილიონი ევრო ევროკავშირისგან მცირე ფერმერთა დასახმარებლად

ამ ოთხ გრანტს ოთხი კონსორციუმი განახორციელებს (ბრიტანული ოქსფამი, ავსტრიული ქეა, შოტლანდიური პიპლ ინ ნიიდ და მერსი კორპსი), რომლებიც 16 ნაციონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის ფერმერთა ასოციაციებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს.


პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა, 45 რაიონში, 160-ზე მეტი კოოპერატივი შეიქმნება, სადაც მინიმუმ 3 ათასი წევრი გაერთიანდება; ისინი ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, საჭირო სერვისებსაც და პირდაპირ ინვესტიციებსაც. 


ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ კოოპერატივები, რომლებშიც ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერები ნებაყოფლობით გაერთიანდებიან, რომ შედეგად მასშტაბის ეკონომიას, წარმოების მეტ პროდუქტიულობას და გასაღების ბაზრებთან კავშირის განმტკიცებას მიაღწიონ. კოოპერატივის ძალისხმევა მოიცავს როგორც ერთობლივი წარმოებას, ასევე, პროდუქციის დასაწყობებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, მარკეტინგს და რეალიზაციას, ერთობლივი ფონდის მართვას და სხვ.


დახმარების ფარგლებში კოოპერატივები ფინანსურ თანამონაწილეობას გაწევენ, რომ მეტად იყვნენ წარმატებისთვის მოტივირებულნი. 


იმ ფონზე, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევრისთვის უმთავრესი შემოსავლის წყარო აგროწარმოებაა, ამ სფეროს წილი მშპ-ში 10%-ს არ აღემატება. 


ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი პროდუქტიულობაა, რასაც მცირემიწიანობა და აგროწარმოების თანამედროვე მეთოდების დეფიციტი განაპირობებს, – ფერმერთა 74% 1 ჰა-ს ან უფრო ნაკლებ მიწას ამუშავებს; ასეთ მცირე მეწარმეებს კი ბაზარზე მცირე გავლენა და პოტენციალი აქვთ, რომ წარმატებულ მოთამაშეებად იქცნენ. 


მცირე ფერმერთა ნებაყოფლობითი გაერთიანება კოოპერატივად ზუსტად ის ორგანიზაციული სტრუქტურაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას გაზრდის და მცირე საოჯახო ფერმერული წარმოების კომერციალიზაციას უზრუნველყოფს.    


ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა კოოპერაციის ხელშემწყობ გარემოს ქმნის. უკვე მიღებულია კანონი კოოპერატივების შესახებ და შეიქმნა აგრო-კოოპერატივების სააგენტოც.


ევროპის სამეზობლო პროგრამა აგროწარმოებისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 40 მლნი ევროს მოცულობის პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ხელი 2012 წლის დეკემბერში მოაწერა და მიმართულია ქვეყანაში სურსათის წარმოების გაფართოვებისა და სოფლად სიღარიბის შემცირებისკენ. საგრანტო შემადგენელს გარდა, ენპარდი მთავრობის უშუალო ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს აგრარული სტრატეგიის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, ექსპერტების მოწვევას და სათანადო ნოუ-ჰაუს მიწოდებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი