ახალი ამბები

წულუკიანი მიიჩნევს, რომ უგულავასთვის ბრალის წარდგენით ქვეყნის იმიჯი არ ილახება

19 დეკემბერი, 2013 •
წულუკიანი მიიჩნევს, რომ უგულავასთვის ბრალის წარდგენით ქვეყნის იმიჯი არ ილახება

“იმიტომ, რომ ხარ მერი, იმიტომ, რომ ხარ მინისტრი თუ ყოფილი პოლიტიკური ფიგურა და გეძახიან დაკითხვაზე, არ ნიშნავს, რომ არის მართლმსაჯულება შერჩევითი. არავინ არ არის დაცული სისხლის სამართლებრივი დევნისგან, თუკი არსებობს ამისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. 

 

ქვეყნის იმიჯს დღეს არაფერი არ ემუქრება იმიტომ, რომ ქვეყანას დღეს სათავეში უდგას მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც არიან პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელში და პროდასავლური ტიპის ლიდერები მართავენ ამ ქვეყანას. პროდასავლური ლიდერი ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, რომ რეფორმები განუხრელად ჩატარდება და რომ ჩვენ დავუახლოვდებით იმ სტანდარტებს, რომელსაც თანამდეროვე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების შემდეგ.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ მას კონკრეტულად რომელიმე საქმის გამოთხოვის უფლება არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია:

 

“იუსტიციის მინსიტრს უფლებაც კი არ აქვს მოიკითხოს რომელიმე ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმე. ეს არის ის რეფორმა, რომელიც გატარდა წელს, აქედან გამომდინარე ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რომელ სისხლის სამართლის საქმეში რომელი მტკიცებულება დევს. მაგრამ ვფიქრობ, რომ პროკურატურა მუშაობს სერიოზულად, ახალი ხელმძღვანელი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს მტკიცებულებას, როგორც ეს იყო არჩილ კბილაშვილის დროსაც, მაგრამ უფრო მეტი ძალისხმევაა დღეს მობილიზებული იქითკენ, რომ მტკიცებულებების გამყარებაზე და მხოლოდ მყარი მტკიცებულებებით პროცესზე წარდგენაზე იყოს პროკურატურის საქმიანობა მიმართული, ეს არის და ეს, რაც შემიძლია გითხრათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი