გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
“ჩვენ აღვნიშნავთ ორი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწის ღვაწლს. ადამიანებისა, რომელთა მუშაობაც და მოღვაწეობაც დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ეპოქასთან, არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ გლობალურად, მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. რადგან ბოლო 30 წელიწადი, გლობალურად, პოლიტიკური პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო – დამთავრდა ცივი ომი, დაინგრა ბიპოლარული სამყარო, დაიშალა საბჭოთა კავშირი და აი, ამ დრამატულ, ისტორიულ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამშობლოს იდენტობის გამოვლენა, ჩვენი სამშობლოს მიზნების დასახვა და ჩვენი ერისთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრა. იმ მომენტში უაღრესად სწორად განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის როლი და ფუნქცია, როგორც გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ასევე იმ საერთაშორისო გზავნილში, რომელსაც საქართველო თავის თავს, რეგიონს და მსოფლიოს უგზავნიდა. და ჩვენ მაშინ განსაზღვრული, ძირითადი ფორმატების კონტექსტში დღესაც ვმუშაობთ.
დღეს, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ საერთშორისო წარმატებაზე, აი, ეს უაღრესად სწორად დანახული ქვეყანა, რეგიონი, ფუნქცია, მისია, – სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა. ჩვენ ჩამოვყალიბდით როგორც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემქმნელი სივრცე და მაშინ მცირე და მყიფეპროექტებიდან იწყებოდა ეს ყველაფერი. პროექტებიდან, რომლებიც უკვე მომავალ წელს იქნება ევროპის სამხრეთის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. და ძალიან ბევრი მიმართულებით გაიშალა ეს პროექტები, იგივე ბაქო -თბილისი- ყარსის რკინიგზა, იგივე სხვა პროექტები კასპიიდან, რომელიც უერთდება ჩვენს ენერგოდერეფანს. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა და ამ მისიით გავდივართ მსოფლიოში და რეგიონშიც.
ბატონო თედო, ბატონო ირაკლი, თქვენმა მოღვაწეობამ დიპლომატიის სიბრტყეში ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ხედვების შემდგარობა და ამ ხედვების გატანა. თქვენ მანამდეც ისეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაგაჩნდათ, განსაკუთრებით მე 9 აპრილის კონტექსტი მახსენდება, ბატონო ირაკლი, თქვენთან მიმართებაში. მე დღეს ვხედავ თქვენი ნამუშევრის, თქვენი თავდადების ხორცშესხმას რაღაც საკითხებში, ახლა მე არ ვიტყვი, რომ ეს პროექტები ბოლომდე არის განხორციელებული, კიდევ ძალიან დიდი პერსპექტივებია, მაგრამ ის დიდი ღვაწლი, რომელიც თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით, ის ინტელექტუალური, ემოციური, პიროვნული თავდადება, რომელიც ბევრი ეს წამოწყება შემდგრად გვაღიარებინა დღეს, არის ჩვენი სიამაყის და ამ დღეების ჩვენი ზეიმის საგანი. ამდენად მინდა, ჩემი და ჩვენი სახელმწიფოს სახელით მადლობა გითხრათ მოღვაწეობისთვის და, შესაბამისად, გამოვყო თქვენი ღვაწლი წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და ქართველი დიპლომატების ოჯახის წევრები.