ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს ლოგიკურად შეუძლია ამოხსნას ეს “პრიმიტიული პროვოკაცია”, რადგან თუ ის “ფაქტი”, რომლის შესახებ მერაბიშვილი საუბრობს, შაბათს მოხდა, რატომ გააკეთა მან ეს განცხადება გუშინ და არა მეორე დღეს.
“როგორც ჩანს, ეს არის ძალიან კარგად გამიზნული პროვოკაცია. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ განაცხადონ, ალასანიამ ახალაიაზე განახორციელა ზეწოლაო, ან წულუკიანმა გაიტაცა კუბლაშვილიო… ეს უბრალოდ რაღაც პრიმიტიულად დაგეგმილი პროვოკაციაა”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, პრემიერის თქმით, ეს უფრო სარწმუნო ვერსიაა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პროვოკაცია ორმაგ ეფექტზე იყოს გათვლილი:
“ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ, რაც ახალმა პროკურორმა დაიწყო ჟვანიას საქმის გადახედვა და გამოძიება. ძალიან საეჭვოდ დაპანიკდნენ მას შემდეგ რაც, 2 დღის წინ მთავარმა პროკურორმა, პროკურატურამ დააკავა ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი, რომელიც ჟვანიას გარდაცვლაების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ამოსახსნელია. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს აჟიოტაჟი დამთავრდეს. მთავრობას უნდა მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ჩვენ არ ავყვებით არც ერთ პროვოკაციას”, – განაცხადა მან.
ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე არა პროკურატურამ, არამედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. ეს საქმე 2007 წელს ეხება. ნეტგაზეთს პროკურატურაში ამ დრომდე ვერ გასცეს კონკრეტული პასუხი, იგეგმება თუ არა ხარშილაძის დაკითხვა ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში, რომელიც, ასევე ოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ არა ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობის პირობებში, არამედ არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად მუშაობის დროს დაიწყო.