“ათას მიზეზს მოგიყვანს ქართველი კაცი, რატომ არ აჩენს ბავშვს თავის მეუღლესთან ერთად, მილიონ პირობას დაგისახელებს, რატომ არ უნდა ბავშვი ჰყავდეს. ფული არ აქვს, ბინა არ აქვს, მანქანა არ ჰყავს, როცა გაჩნდება, რა ვაჭამოო და ა.შ. პრობლემა არის ჩვენში. ძალიან ძლიერი და აგრესიული განათლების სისტემა გვჭირდება, სადაც პირდაპირ იქნება ბიოლოგიურად მომზადებული ბავშვი, პატრიოტი თავისი ქვეყნის, ოჯახის ერთგული, ღვთის მადლით, ჯერჯერობით, ოჯახიშვილობა კიდევ რაღაცას ნიშნავს, რასაც ძალიან სერიოზულად ებრძვიან დღეს, წარმატებულად და დაუნდობლად. ვისაც უყვარს თავისი ოჯახი, ის დღეს ითვლება ჩამორჩენილ ადამიანად, გუშინდელ დღედ, დინოზავრად. რამდენი ხანია არ მინახავს ტელევიზორში მრავალშვილიანი დედა ან მამა, სამაგიეროდ, არიან მრავალჯერ განათხოვარი, 7-ჯერ, 8-ჯერ განათხოვარი ქალები და კაცებიც მრავალჯერ გათხოვილი,”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ დღეს, 18 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“, სახელმწიფო მინისტრის დიასპორების საკითხებში და პარლამენტის “დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის” ეგიდით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზში გაიმართა.
კონფერენციას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
რედაქციის შენიშვნა: სანიკიძის კომენტარს გთავაზობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის საჯარო ფიგურა, მმართველი გუნდის წევრი პარლამენტში და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი მოსაზრებები ამ საკითხზე.