გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

“საქართველოს ყველა მეგობარი, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაზე, ადევნებს თვალყურს იმას, რაც ხდება საქართველოში და შემდეგ კეთდება ხოლმე ისეთი შეფასებები, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აკვირვებს, ან რაღაც შეთქმულებების თეორიებს უღვივებს. სამწუხაროდ, ამ ტიპის ქმედებას შეფასებები აუცილებლად მოჰყვება. სამწუხაროდ, არა იმიტომ, რომ არაადეკვატურია [ასეთი შეფასებები], არამედ იმიტომ, რომ ეს საერთოდ ხდება. ეს გარდაუვლად მოხდება: ზოგი შეფასება შეიძლება იყოს უფრო მწვავე, ზოგი – ნაკლებად მწვავე, მაგრამ ეს ამბავი საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემად იქცევა. 

 

ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ხშირად ჩვენს დისკუსიებში ერთი საკითხი არასწორად დგას ხოლმე, რომ თითქოს ოპონენტის დაჭერა ცუდია იმიტომ, რომ ამ ნაბიჯს საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვება. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ იქ რომ კრიტიკა მოჰყვება, ესაა პრობლემა, ეს რომ ხდება, ეს არის თვითონ პრობლემა”, –აცხადებს ბოკერია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

კითხვას, ვარაუდობს თუ არა იგი პრობლემებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტშიც, რომელსაც ხელი მომავალი წლის სექტემბერში უნდა მოეწეროს, უშუშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ასე პასუხობს:

 

“ჩვენი ამოცანაა, რომ ეს [ხელშეკრულებაზე ხელმოწერა] სწრაფად მოხდეს… ეს არის ჩვენი ქვეყნის და მათ შორის იმ პოლიტიკური გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამოცანა, რომ საქართველოს სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ შენელდეს, დაჩქარდს, მაგრამ აქაც უნდა გვესმოდეს, რომ ამ გზაზე ყველაზე მთავარი არის ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება და არა ის, რას იტყვიან ქვეყნის გარეთ. აქაც ყოველთვის არის ხოლმე მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. ლოგიკურია, რომ ამას მოჰყვება კრიტიკა და, რა თქმა უნდა, საფრთხე იმისა, რომ ამ ტიპის ნაბიჯებმა ხელი შეუშალოს [ასოცირების შეთანხმების] პროცედურას, არსებობს. ამ ტენდენციების გაღრმავების ფონზე ეს საფრთხე ჩნდება. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური დევნის ახალ ფაზას”, – განაცხადა ბოკერიამ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *