ახალი ამბები

სუბარი: გეგუთის ციხეში 909 პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა

18 დეკემბერი, 2013 •
სუბარი: გეგუთის ციხეში 909 პატიმარმა გამოაცხადა შიმშილობა

როგორც მინისტრმა დღეს, 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შიმშილობას აგრძელებს ის 53 პატიმარი, რომლებმაც ეს პროცესი მანამდე დაიწყეს. 

 

სუბარის განცხადებით, გეგუთის ციხეში მოშიმშილეები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ, ასევე პატიმართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულს, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე და 262–ე მუხლები ითვალისწინებს, ამნისტია არასათანადოდ შეეხო. ისინი ამ მუხლებთან მიმართებაში მეტ ლიბერალიზაციას მოითხოვენ. ამასთან, პატიმრების ნაწილი მოითხოვს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის გაუქმებას, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ითვალისწინებს, ნაწილი ითხოვს მართლმასჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას.

 

“რამდენიმე პატიმარი კი ინდვიდუალურად ითხოვს მისი საქმის გადახედვას”, – განაცხადა სუბარმა.

 

მისივე თქმით, ეკა ბესელია პატიმრებთან შეხვედრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, თუმცა მათ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე შეხვდება. გეგუთის ციხეში სულ 1043 პატიმარი იხდის სასჯელს.

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

მასალების გადაბეჭდვის წესი