ახალი ამბები

ხოშტარია: ხორავას ქუჩაზე მომხდარზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

28 მაისი, 2018 • 1600
ხოშტარია: ხორავას ქუჩაზე მომხდარზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან და ახალგაზრდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ რადგან ამ საქმეზე კითხვები არსებობს, პარლამენტმა საზედამხედველოო ფუნქცია უნდა იკისროს:

,,ვხედავთ, რომ სახელმწიფო კი არ იცავს ამ ადამიანებს, არამედ უპირისპირდება. როდესაც ასეთ საზარელ შემთხვევაზე ოჯახის წევრებს და არა მხოლოდ, გამოძიებასთან ძალიან ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზიები უჩნდებათ, ყველაზე სწორი გამოსავალი არის, პარლამენტმა აიღოს საზედამხედველო ფუნქცია.

ამ ვითარებაში ადეკვატურია, რომ პარლამენტი ჩაერთოს და ჩვენ ვკითხოთ გამოძიებას, თუ რატომ დარჩა ამდენი კითხვა დაზარალებულ ოჯახს.
ძალიან ცუდი პრაქტიკა გვაქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით. მუხთარლიზე ფაქტიურად არცერთი არგუმენტი არ არსებობდა, რატომ არ უნდა შექმნილიყო ეს კომისია. სამწუხაროდ, პარლამენტის მზაობა, რომ კანონით დადგენილი პროცედურებით ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს, აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალია ეს საკითხი დავაყენოთ.  დავარწმუნოთ ქართული ოცნება და ცივილიზებული, სწორი გზით წარვმართოთ ეს პროცესი. ჩვენ უნდა დავადგინოთ, რა ინტერესი აქვს გამოძიებას, რომ უპირისპირდება დაზარალებულის ოჯახს,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


  • 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
  • ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების ძალიან მცირე ნაწილმა გამოთქვა გამოძებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არასრულწლოვნებს შორის დანაშაულების პრევენციისთვის.
  • 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან აქცია გაიმართა არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად. მოქალაქეები მეორე დღეა 51-ე სკოლასთან მიდიან – ისინი მოკლული ბავშვების ხსოვნას ყვავილებითა და სანთლებით სცემენ პატივს.
  • ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამამ, მირზა სუბელიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა,  საგამოძიებო უწყებას   გათავისუფლების მოთხოვნით, 3 დეკემბერს მიმართა. პროკურატურამ მისი მოთხოვნა 4 დეკემბერს დააკმაყოფილა და   სამსახურიდან გაათავისუფლა.

ვრცლად ზაზა სარალიძის პოზციების შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი