ახალი ამბები |

ხიდაშელი: ხარშილაძე მილიონების სანაცვლოდ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით დუმდა

17 დეკემბერი, 2013 | | 967
ხიდაშელი: ხარშილაძე მილიონების სანაცვლოდ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით დუმდა

თინა ხიდაშელის თქმით, მან არ იცის, თუ რის შესახებ დუმდა ხარშილაძე, მაგრამ სწორედ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ გახდა ხარშილაძე მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე კომპანიის მფლობელი.

 

“მე არ ვიცი, რის შესახებ დუმდა ის. ის იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი. იქ იყო იმ ღამეს. როცა ვიღაცას უყენებ ბრალდებას, რომ შენ მოკალი ზურაბ ჟვანია, ხელაღებით არ შეიძლება ლაპარაკი. ეს ისეთი ტიპის ბრალდებაა, სადაც თუ ზუსტი მტკიცებულება არ გაქვს… ძალიან საეჭვოა, რომ ამ ამბის შემდეგ ადამიანი ხდება მილიონერი. არა პირდაპირ. ის თვითონ არ ხდება მილიონერი, მაგრამ მრავალმილიონიანი კომპანიის დამფუძნებელი ხდება, რომელსაც ხელისუფლება მრავალმილიონიან ტენდერებს მუდმივად აგებინებენ ხელოვნურად. 

 

ვინაიდან ხარშილაძე იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი, ეს იყო ფასი, რომელსაც იხდიდა წინა ხელისუფლება მისი სიჩუმისთვის. ეს მილიონები, რომლებსაც ისინი უკანონო ტენდერებით იღებდნენ, იყო ფასი მისი სიჩუმის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა გადაცემაში “არჩევანი”.

 

ხიდაშელის თქმით, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამტკიცებდა, რომ კომპანია “Green Service” ხელისუფლების დაინტერესებით იგებდა მრავალმილიონიან ტენდერებს. მისი თქმით, ხარშილაძის წინააღმდეგ საქმე წინა ხელისუფლებსის დროს აღიძრა და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 

 

“[საქმე არიძრა] ჯერ კიდევ მაშინ, როცა “Green Service” არ არსებობდა და ეს ორი ადამიანი თბილისის თვითმმართველობაში მუშაობდა. ეს ორი ადამიანი ძალიან ბევრი ხანია ბევრი სხვადასხვა ტიპის სკანდალების მონაწილეები ხდებოდნენ. ხარშილაძე და ფურცხვანიძე დაიჭირეს იმ საქმეზე, რაზეც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო აღძრული “Green Service”-სთან დაკავშირებით,”- თქვა თინა ხიდაშელმა. 

 

პარლამენტარის თქმით, უსაფუძვლოა ვანო მერაბიშვილის მტკიცება, რომ ხარშილაძისა და ფურცხვანიძის დაკავება დაკავშირებულია საქართველოს მთავარი პროკურორის მხრიდან მის ზეწოლასთან. 

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე განხორციელდა ზეწოლა შაბათს გამთენიისას. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ მას გარიგება შეთავაზა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე თანამშრომლობის სანაცვლოდ.

 
 
ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის მოადგილე კობა ხარშილაძე გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს – სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რომელიც 2007 წლის საქმეს ეხება.
 
 
კობა ხარშილაძე ზემოხსენებული თანამდებობის დაკავებამდე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი,იყო და ექს–პრემიერის დაცვის სხვა თანამშრომელ მიხეილ ძაძამიასთან ერთად, ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრები ნახა საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი