ახალი ამბები

იმერეთის ახალი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ მისი დანიშვნა ღმერთის ნებაა

17 დეკემბერი, 2013 •
იმერეთის ახალი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ მისი დანიშვნა ღმერთის ნებაა

ზაზა მეფარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დასაწყისში „ხელმძღვანელებს“ გამოცხდებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:

 

„მე მინდა ძალიან მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას, რომელმაც ამხელა ნდობა გამოხატა, ამხელა პატივი გამოხატა და პირადად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს იმ ყველაფრისათვის, რაც მე გავიარე მასთან ერთად მუშაობის დროს.“

 

ზაზა მეფარიშვილი
ზაზა მეფარიშვილი

მერფარიშვილის განამრტებით,  გუბერნიაში კადრების დანიშვნა კონკურსის წესით განხორციელდება. ამისათვის შეიქმნება კომისიაც, რომელიც, მისივე თქმით, მოწვეული სპეციალსიტებით დაკომპლექტდება:


„არანაირი ცვლილება არ იქნება, რეორგანიზაციის გარდა. კადრების დანიშვნა განხორციელდება კონკურსის წესით. ეს იქნება მეტი გამჭვირვალობისთვის, ეს კითხვის ნიშნებს არ გააჩენს და ჩვენ მოგვცემს საშუალებას კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები გვყავდეს. კონსულტაციები მიმდინარეობს ვიცე-გუბენატორების კანდიდატებზეც. არის გარკვეული მოსაზრებები, თუმცა ამაზე საუბარი ადრეა.”

 

მეფარიშვილი ამბობს, რომ იმერეთის რაიონების პრობლემები ინფორმაციის დონეზე მისთვის ცნობილია:


„ჩემთვის ინფორმაციულად ყველა რაიონის პრობლემატიკა ცნობილია, დრო დამჭირდება, რომ შინაარსობრივად გავეცნო ამ პრობლემებს. კვირის ბოლოს შევხვდები გამგებლებს და წინასწარ ვთხოვ, რომ მიმდინარე მდგომარეობაზე ანგარიში წარმოადგინონ და მინდა ამ შეხვედრას დაესწროს რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამსახურები. ასევე, თვითმმართველობებთან ერთად უნდა განვსაზღვროთ მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები.“

 

მეფარიშვილმა ასევე ჟურნალსიტებს თხოვა, რომ ენერგიას და დროს ნუ დახარჯავენ იმაზე, რომ მასში მხოლოდ ცუდი ეძებონ:


“მე მზად ვარ კრიტიკული შეფასება თქვენგან ყოველთვის მოვისმინო, ოღონდ ძალიან დიდი თხოვნა მექნება, ენერგიას და რესურსს ნუ დავხარჯავთ იმაზე, რომ ერთმანეთში მხოლოდ ცუდი ვეძებოთ, ერთმანეთში კარგიც ვეძებოთ და თუკი ასე მოვახერხებთ ურთიერთობას, მერწმუნეთ, რომ ოფიციალურ ფარგლებს იქით გადავა ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში. თქვენს საფუძვლიან შენიშვნებს ყოველთვის გავითვალსიწინებ.

 

ის, რაც დღეს ჩემს თავს ხდება, ეს პირველ რიგში არის ღმერთის ნება,“ – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.


გუბერნატორად დანიშვნამდე ზაზა მეფარიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს შს მინისტრის პოზიცია ეკავა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი