ვანო მერაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა ამ საკითხზე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. “ნეტგაზეთი” სრულად გთავახობთ ვანო მერაბიშვილის განცხადებას ზეწოლის თაობაზე:
“პარასკევს გვიან ღამით, შაბათ დილას, ღამის 2-ის ნახევარზე მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა 2 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.
რას შეეხებოდა ჩვენი საუბარი? – მთავარმა პროკურორმა წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გასხნაში, თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებენ. მე ამ 2 საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, კერძოდ, სააკაშვილის ანგარიშებზე ძალიან მოკლედ: სააკაშვილზე შეიძლება ბევრს ძალიან ბევრი პრეტენზიები აქვს, მაგრამ კორუფციაში მისი დადანაშაულება სრულიად უაზრობაა.
მეორე საკითხთან დაკავშირებით მე გამოვთქვი გაკვირვება, რომ ეს ხელისუფლება უკვე რამდენი ხანია ხელისუფლებაში, გაეცნო ყველა მასალას და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება არის უნაკლო და შეუძლებელია სხვა განსხვავებული აზრი ჩამოყალიბდეს. ამავე დროს ვურჩიე მას, როგორც ახალგაზრდა პროკურორს, არ გაემეორებინა თავისი წინამორბედის შეცდომები და არ დაეანონსებინა, რომ ისინი მალე გახსნიან, არ გაეზარდა მოლოდინი ჟვანიას საქმის გახსნასთან დაკავშირებით.
გაკვირვებულმა პროკურორმა მითხრა, რომ თუ მე ამას არ დავთანხმდები, დამიხატა შემდეგი სურათი – რომ ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება, რაზეც მე ირონიულად მივუგე, რომ ამაზე უარესი რა უნდა იყოს? მან ძალიან მკაფიოდ აღმიწერა, თუ როგორ ტირის დედაჩემი ყოველდღე, როგორ უჭირს ჩემს ოჯახს, იყო, რა თქმა უნდა, იაფფასიანი ოპერული თქმა, რომ მე ყველამ მიმატოვა და მე ამაზე არ ვისაუბრებ და მითხრა, რომ სანამ მისი მთავრობა, სანამ ღარიბაშვილის მთავრობა იქნება ხელისუფლებაში და ღარიბაშვილი აპირებს დიდი ხანი იყოს ხელისუფლებაში, მე ციხიდან ვერ გავალ.
ამავე დროს იგი მომისვამს გვერდით ჩემს პარტიულ და არაპარტიულ მეგობრებს, ჩემს ნათესავებს და მეგობრებს; ვისაც ბიზნესი გააჩნია, ყველას გაუჩერებს ბიზნესს და შეიკრიბა სხვა წვრილმანი დახასიათებები სხვადასხვა დაშინებების.
მან განმიმარტა, რომ ისინი მაინც გახსნიან ჟვანიას საქმეს, ამაში მათ, მათი განცხადებით, ამერიკელები ეხმარებიან, რაზეც მე ირონიულად გამეცინა, რადგანაც, მოგეხსენებათ, რომ ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურო იმთავითვე ჩართული იყო გამოძიების პროცესში და აქ მსხდომი ზოგიერთი პროკურორიც დამეთანხმება ამაში.
ამავე დროს მათ მითხრეს, რომ, ასე ვთქვათ, მომცეს დრო ორშაბათამდე და მითხრეს, რომ მე ორშაბათამდე მაქვს დრო მივიღო გადაწყვეტილება და მე თუ დავთანხმდებოდი, პერსპექტივა ასეთი დამიხატეს, რომ იმ ფულს, რომელიც მოპარული მაქვს, გამატანინებდნენ საქართველოდან.
პროკურორმა შემახსენა, რომ ნუთუ ვერ ვხვდები, რომ სასამართლოს ვაკონტროლებთ; რა თქმა უნდა, მოწმეებიც იტყვიან იმას, რაც ჩვენ გვინდა. აქამდე ჩვენ არ ვიყენებდით მოწმეებს თქვენ წინააღმდეგ იმიტომ, რომ გვინდოდა შანსი მოგვეცა შენთვის და ყველაზე კარგ სურათში. მე უფლება მომცეს ჩემი მოპარული ფული გამეტანა უცხოეთში და იქ მეცხოვრა.
ამ გარიგების სანაცვლოდ საქართველოში დარჩენის უფლებაც კი ვერ მოვიპოვე, მათი ჩემდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, იმიტომ, რომ მსგავსი რამე მე არ მახსენდება არათუ რომელიმე აზიურ ქვეყანაში, ალბათ, მსგავსი რამე – ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს უშუალოდ მთავარი პროკურორი, ვისი მთავარი მოვალეობაცაა ქვეყანაში კანონის დაცვა, თვითონ უშუალოდ – ჟარგონულად უნდა ვთქვა – “აკაჩავებს”, ასეთი რამე შეიძლება თურქმენულ ქვეყნებში ხდება, შეიძლება აღარც ხდება უკვე.
მე შეიძლება აღარ მომეცეს უახლოეს დღეებში საშუალება მივმართო პრესას, ხალხს და მე გეტყვით მინიშნებას, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს გამოძიება: ციხის გამოსასვლელამდე არის სამი მორიგის პოსტი, არის 6 სათვალთვალო კამერა. ამას გარდა, ციხის ჩემი კორპუსის გამოსასვლელში არის ვიდეოკამერა, იქვე არის უკვე შიდა ეზოს პოსტი, ამის მერე მოდის ე.წ. დიდი ალაყაფი, რომელსაც მინიმუმ სამი კამერა ექნება, აქაც, რა თქმა უნდა, მუშაობს რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაესწრებოდა ჩემს გასვლას და შემოსვლას. გარდა ამისა, იქვე არის ე.წ. ანძები, სადაც ჯარისკაცები დგანან პოსტებზე.
გარდა ამისა, ციხიდან გამოსასვლელში, სავარაუდოდ, მე ვერ ვადასტურებ, რადგან თავზე გადაფარებული მქონდა, ჩაწოლილი ვიყავი მანქანაში, უკან, ჩემ გვერდით იჯდა ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ქალაქის ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. შენობაში, სადაც მე ვიყავი კაბინეტში, კარგად მახსოვს და შემიძლია ამოვიცნო და აღვწერო, იმ შენობაშიც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო კამერები, მე თავისუფლად შემიძლია ამოვიცნო ის ორი ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით იჯდა, ძალიან სპეციფიკური სახეები ჰქონდათ.
ამავე დროს მე მინდა გითხრათ, რომ მეორე ადამიანი, ვინც იყო იმ ოთახში, მე მას ვიცნობ, იმიტომ, რომ ის ადრე პოლიციაში მუშაობდა, მე მახსოვს ის, მაგრამ სახელი და გვარი არ მახსოვს, თუმცა ვიცნობ და მან შემახსენა კიდეც თავისი თავი, მითხრა, რომ ის არის ერთი ჩემი მეგობრის შვილის ნათლია და ა.შ. არ არის გამორიცხული, ეს იყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი – დარბაისელი, თუმცა მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს მოეტანათ ამ ადამიანის სურათი და ეს სურათი ვერ მოვიპოვე და ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვი. მინდა გითხრათ, რომ ეს დარბაისელი, სანამ საუბარი დაიწყებოდა, იქამდე იყო ოთახში, იყო ბოლომდე გაბრუებული ნარკოტიკებით, ის საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა.
როცა შევედი ოთახში, ამ ადამიანმა დაიწყო აქტიური გინება ბაჩოს ადვოკატის, ონიანის – ონიანს ასე ვუზამ – მუქარები და ა.შ. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა – რა შუაში იყო მე და ონიანის დაკავშირება. მე მივხვდი, რომ მას უნდოდა რაღაც ქუჩის ამბავი – პირადად რომ არ შეგაგინოს, უნდა შეაგინოს შენს მეგობარს და მე ჩავთვალე, რომ ამან ჩათვალა, რომ ის ჩემი მეგობარია, თუმცა შემდეგ პროკურორმა მას გაუსწორა და უთხრა – შენ რაღაც გეშლება, ვანოს ადვოკატი კი არა, ის ბაჩოს ადვოკატია, თუმცა ის იმდენად ღრმა კაიფში იყო, რომ სამჯერ თქმა დაჭირდა პროკურორისგან. მე, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია არ მქონია “ბედნიერება” იმ ოთახში ვყოფილიყავი, სადაც ნარკოტიკებით გაბრუებული ადამიანი იყო.
მე შემიძლია ვთქვა, რომ იგივე გზა გამოვიარე უკანაც და, შესაბამისად, იგივე ვიდეოკამერები, თუ ახლა ეს ყველა არ წაიშლება, თვალნათლივ ნახავთ. მე ზუსტი დრო შემიძლია მივუთითო მიახლოებით – დაახლოებით 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს და დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამაბრუნეს. თუ გამოძიებას ზუსტი დროის დადგენა სურს, მე მაშინ ვუყურებდი “რუსთავი 2″-ზე ერთ სატელევიზიო ფილმს და მე შემიძლია ფილმის ის ფრაგმენტები გავიხსენო, როცა მე შემაწყვეტინეს ყურება და მე მახსოვს, რომელი ნაწილი იყო ფილმის, რომელიც გადიოდა, როცა დავბრუნდი. თუმცა მე არ ვიცი, ვინ უნდა ჩაატაროს დღეს გამოძიება.”
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სასაცილოა და ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ ამის თაობაზე ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ და დეტალების დაზუსტების შემდეგ ინფორმაციას გაავრცელებენ.