ძველი თბილისის რაიონის ექს–გამგებლის მოადგილე კობა ხარშილაძე გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს – სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რომელიც 2007 წლის საქმეს ეხება. კობა ხარშილაძე ზემოხსენებული თანამდებობის დაკავებამდე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო და ექს–პრემიერის დაცვის სხვა თანამშრომელ მიხეილ ძაძამიასთან ერთად, ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრები ნახა საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში.

“არავითარი კავშირი არ აქვს მას ამ საქმესთან. ეს არის ფინანსური პოლიციის საქმე, ხოლო იმ საქმეს [ჟვანიას საქმე] მთავარი პროკურატურა იძიებს. ასე რომ, არავითარი კავშირი არ აქვს მასთან”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ხარშილაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე და დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთხელ არ დაუკითხავთ. მისივე თქმით, გამოძიებას დღემდე ხარშილაძის ის ჩვენება აქვს, რომელიც მან პროკურატურას თავის დროზე, 2005 წელს მისცა.
ვახტანგ კომახიძის სტუდია რეპორტიორის მიერ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მომზადებულ დოკუმენტური ფილმში “ტყვიის გარეშე” მოყვანილია საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ხარშილაძე ერთ–ერთი მთავარი მოწმეა. მასალების მიხედვით, ჟვანია გარდაცვლილი პირველად მისმა დაცვის წევრმა, მიხეილ ძაძამიამ აღმოაჩინა: მას შემდეგ, რაც ექსპრემიერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ძაძამიამ ფანჯარაში შეიხედა და დაინახა სავარძელში მჯდომი ჟვანია, რომელიც ყვირილზე არ რეაგირებდა. ფილმში მოყვანილი მასალების თანახმად, დახლოებით 03:34 საათზე ძაძამიამ დაცვის უფროსს, კობა ხარშილაძეს ტელეფონზე დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა, იგი ბინაში 04:00 საათზე მივიდა და ფანჯრის დამცავი ჟალუზი შეამტვრია. შესაბამისად, გარდაცვლილები პირველად სწორედ ძაძამიამ და ხარშილაძემ ნახეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ძაძამიამ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ როდესაც ისინი ბინაში შევიდნენ, ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნეს და ხარშილაძემ მას გამათბობლის [ნიკალას ფირმის] გამორთვა სთხოვა. ამ ვერსიაში ზემოხსენებული ფილმის ავტორს ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ წესით დაცვის წევრებს გაზის სუნი არ უნდა ეგრძნოთ, რადგან იმ ნივთიერებას, რომლითაც ოფიციალური ვერსიით ექს–პრემიერი და რაულ იუსუპოვი მოიწამლნენ, სუნი არ აქვს, ამასთან, ბინას გაზის მიწოდება ერთი საათით ადრე შეუწყდა ტექნიკური პრობლემების გამო, სანამ ძაძამია და ხარშილაძე შევიდოდნენ იქ.
ხარშილაძის შესაძლო კავშირების შესახებ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან არაფერს ამბობენ ექს–პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია და მეუღლე, ნინო ქადაგიძე.
“ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის იყო დაცვის უფროსი მაშინ, რომელსაც ევალებოდა ზურას უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია”, – ამბობს ნინო ქადაგიძე–ჟვანია “ნეტგაზეთთან” საუბარში.
„არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ აღნიშნულ თემაზე გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ!” – განაცხადა გოგლა ჟვანიამ გუშინ ინტერნეტ–რესურს „რეპორტიორთან” საუბრისას.
სამაგიეროდ გოგლა ჟვანიამ ხარშილაძის საკითხზე ვრცელი კომენტარი გააკეთა რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან საუბრისას, რომელმაც ფილმი “ტყვიის გარეშე” გადაიღო:
“როდესაც ეს ამბავი [ჟვანიას გარდაცვალება] მოხდა და ყველანი გაოგნებულები, შოკში ვიყავით, დაცვის ხელმძღვანელმა ხარშილაძემ ამოიღო ზურას ჯიბიდან მისი სეიფის გასაღები: ერთი სეიფი იყო ვაშლიჯვარში, “დემოკრატების” ოფისში, ხოლო მეორე სეიფი – კანცელარიაში. მივიდა სრულიად მარტო იქ, არავინ ჰყავდა თანმხლები: არც ოჯახის წევრი, არც ნათესავი, არც მეგობარი… ამოიღო რაღაც ნივთები და გამოასუფთავა ეს სეიფები. დღემდე უცნობია, რა დაიკარგა იმ სეიფებიდან. ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც მოვიკითხეთ რაღაც ნივთები, რომლის არსებობა დანამდვილებით იცოდა ნინომ [ქადაგიძე]… ამ ხარშილაძემ აღიარა, რომ მან აიღო და თავისთან შესანახად წაიღო. შემდეგ რაღაც ნივთები დააბრუნა, მაგრამ რა არ დააბრუნა, რა ნივთები იყო კიდევ იმ სეიფებში, კაციშვილმა არ იცის. ამის შესახებ არაერთხელ ეცნობა გამოძიებას, მაგრამ- სრულიად უშედეგოდ. არანაირი ინტერესი გამოძიების მხრიდან ამ ფაქტს არ გამოუწვევია”, – აცხადებდა გოგლა ჟვანია მაშინ ვახტანგ კომახიძისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მთავარ პროკურატურაში ჟვანიას საქმეზე დაწყებული ხელახალი გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა “ნეტგაზეთს” ჯერჯერობით ვერ გასცეს კონკრეტული პასუხი, მოხდა თუ არა ხარშილაძის დაკითხვა, ან იგეგმება თუ არა მსგავსი რამ მომავალში:
“თუ რაიმე კომენტარი იქნება, მოგვიანებით დაგიკავშირდებით”.
საქართველოს მთავარ პროკურორად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ აღნიშნული სამსახურის მიერ განხორციელდა გუშინ ხარშილაძის დაკავება.
დღეს კი საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე განხორციელდა ზეწოლა შაბათს გამთენიისას. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ მას გარიგება შეთავაზა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე თანამშრომლობის სანაცვლოდ.
