როგორც დუმბაძემ გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” განაცხადა, ბერიძეს ჯიპის შეძენისათვის გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ იქამდე ჰქონდა გაუქმებული, ვიდრე კალაძე გააკეთებდა განცხადებას:

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

“მე კარგად მახსოვს ბუცებიანი კახი კალაძე და ახლა კარგად დავიმახსოვრე რეზინის ჩექმებში ჩაცმული კალაძე. კახი კალაძე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბათუმში გადმოსახლდა. უზარმაზარი საქმე გააკეთა. 10 დღის განმავლობაში ტყეში, ღრეში, ხეობებში, სოფლებში თავისი ხელით აწესრიგებდა ამ ურთულესს საკითხს. უნდა გითხრათ, რომ ამ საქმეში არჩილ ხაბაძეც იყო ჩართული. ძალიან კარგად გაართვეს მათ თავი. 1980–1985 წლების შემდეგ აჭარას ასეთი მაღალი ინტენსივობით თოვა არ ახსოვს. სტიქიამ შემოგვიტია და, ბუნებრივია, ცოტა დაღლილი იყო [კალაძე], პირდაპირ გეტყვით. ფსიქოლოგიურად რომ ავწონოთ, რა მოხდებოდა: კახი კალაძე მიდის ადამიანებს ეუბნება, რომ სტიქია გვიტევს, ამ დროს შესაძლებელია ვიღაცმ უთხრა, რომ კი, სტიქია გვიტევს, მაგრამ ავთანდილ ბერიძე რომ გყავთ იქ, ხელისუფლებაში წარმომადგენელი, რომელიც 80-ათასიან მანქანას ყიდულობსო… ერთი შეკითხვა, ორი შეკითხვა, ადამიანის ფსიქოლგიაზე იმოქმედა და მოვლენებს გაუსწრო, იჩქარა”, – განაცხადა დუმბაძემ.

 

დეპუტატი ავთანდილ ბერიძეს თავის მეგობარს უწოდებს და ამბობს, არც ის ფიქრობს, რომ უმაღლეს საბჭოს ასეთი მანქანა სჭირდება, თუმცა დასძენს:

 

“მე, მაგალითად, ძალიან ძველი მანქანით დავდივარ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც ძალიან ძველი მანქანით დადის. [ტოიოტა] პრადო, რომლითაც იგი გადაადგილდება ახლა, 2008 წელს არის გამოშვებული. ძველი მანქანაა, თუმცა მე ვეთანხმები საზოაგდოების განწყობას, მაგრამ ისიც კარგია, რომ უმაღლესმა საბჭომ ეს [საზოგადოების განწყობა] გაითვალისწინა და [ტენდერი გააუქმა]”.

 

დუმბაძის მტკიცებით, ზემოხსენებული მანქანის ყიდვის საკითხი ახალი არ არის და ის ჯერ კიდევ მაშინ გაიწერა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ ბიუჯეტში, როდესაც ამ ორგანომ ბიუჯეტი დაამტკიცა გასული წლის ნოემბერში.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერიძემ ტენდერი მანამ გააუქმა, სანამ კალაძე განცხადებას გააკეთებდა 14 დეკემბერს, არ დასტურდება შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით. ამ გვერდზე 14 დკემბერს ჯერ კიდევ იძებნებოდა ოქმი, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ტოიოტა ცენტრ თბილისმა. კომპანიასა და უმაღლეს საბჭოს შორის ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადად 19 დეკემბერი იყო მითითებული.

 

მურმან დუმბაძემ დღევანდელ ეთერში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის დამტკიცების და განკარგვის უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა. მან საქართველოს კონსტიტუციაც მოიშველია:

 

“აქ ლაპარაკი არ არის პიროვნულად, ვთქვათ, კახი კალაძეზე, აქ ლაპარაკია ხელისუფლების კომპეტენციების გამიჯვნაზე. ვინც ჩემს გამოსვლებს აკვირდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, სულ მუდმივად ამას ვიძახი, რომ ხელისუფლებები უნდა დაბალანსდეს არა მარტო ჰორიზონტში, არამედ ვერტიკალშიც. საბედნიეროდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებები, ისევე, როგორც მუნიციპალურ საკრებულოებს გამგეობებს, ანუ პირველი დონის ხელისუფლებებს აქვთ საკუთარი კომპეტენციები.. განსაკუთრებული უფლებამოსილებები აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ იურიდიული ნორმებით ვილაპარაკებთ, მაშინ უნდა ავიღოთ საქრთველოს კონსტიტუცია, წავიკითხოთ და ავიღოთ კონსტიტუტციური კანონი აჭარის ავტონომიური სტატუსის შესახებ, სადაც გამიჯნულია ფუნქციები, კომპეტენციები აჭარის ავტონომიის ექსკლუზიური უფლებამოსილებები და უმაღლესი ორგანოების განსაკუთრებული კომპეტენციები. აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია არის, რომ ექსკლუზიურად მიიღოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და განკარგოს ის. ანუ საკითხს მანქანაის შეძენის, რომელიც ასე გახმაურებულია, პრაქტიკულად წერტილი აქვს დასმული. ამან საზოაგდოების მაღალი ინტერესი გამოიწვია და ამ შემთხვევაში ჩემი მეგობრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ სანამ კახი კალაძე ამ განცხადებას გააკეთებდა, მან (ბერიძემ) გაითვალისწინა საზოაგდოების ინტერესი და სატენდერო წინადადება მოხსნა. ეს საკითხი დახურულია. ჩვენ თუ არ დავაბალანსეთ ხელისუფლება, როგორც ჰორიზონტში ისე ვერტიკლაში, ვერ მივიღებთ კარგ საქართველოს. საქრთველოს პარლამენტში შემოვიდა თვითმმართველობის კოდექსი, აქამდე კანონს, რომელიც ამ წესებს არეგულირებდა, ერქვა თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ. ჩვენ სიტყვა მმართველობა ამოვიღეთ ამ კანონიდან და გადავდივართ თვითმმართველობებზე. ბიუჯეტის განკარგვის ექსკლუზიური უფლება აჭარის უმაღლეს საბჭოს აქვს”, – განაცხადა დუმბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ბერიძის საკითხის განხილვას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო გეგმავს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *