ახალი ამბები

მორგან ფრიმენს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

25 მაისი, 2018 • 1702
მორგან ფრიმენს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს

ამერიკელ მსახიობ მორგან ფრიმენს ქალები სექსულურ შევიწროებასა და არასათანადო ქცევაში ადანაშაულებენ.  8 ქალმა CNN-ს მოუყვა, რომ მსახიობის მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და არასათანადო ქცევის მსხვერპლი გახდა.

ერთ-ერთი ქალის განცხადებით, 2015 წელს მისი ოცნება ახდა, როდესაც ფილმის შემოქმედებით ჯგუფში ასისტენტად მოუწია მუშაობა, თუმცა ძალიან მალე სამუშაო რამდენიმეთვიან  რეგულარულ შევიწროებაში გადაიზარდა. ქალის მტკიცებით, მსახიობი მისი ნების საწინაღმდეგოდ ეხებოდა, ერთხელ კი კაბის აწევა სცადა, რათა, როგორც ქალი ამბობს, გაეგო, ეცვა თუ არა საცვალი. მისი თქმით, მორგან ფრიმენს კაბის აწევის საშუალება არ მისცა, თუმცა მსახიობი ამის გაკეთებას კიდევ ცდილობდა.

მორგან ფრიმენის მხრიდან არასათანადო ქცევასა და შევიწროებაზე CNN-ს სხვა ქალებმაც უამბეს. ერთ-ერთი ქალის თქმით, 2013 წელს, ფილმის გადაღებისას ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი იყო. ქალის თქმით, მსახიობი მასზე და ჯგუფში მყოფი სხვა ქალების სხეულზე მუდმივად აკეთებდა უხამს კომენტარს. 

CNN ასევე ესაუბრა ათზე მეტ ადამიანს, რომლებიც მორგან ფრიმენთან მუშაობდნენ. მათი ნაწილი აქებს მსახიობს და ამბობს, რომ მისი ქცევები ნამდვილი პროფესიონალის ქცევას შეესაბამებოდა.

ბრალდებების საპასუხოდ მსახიობი ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც, მისი თქმით, უპატივცემულოდ მოექცა. 

“ყველამ, ვინც მიცნობს ან ჩემთან უმუშავია, იცის, რომ განზრახ არავის მივაყენებ შეურაცხყოფას. მეტიც, ქალებისთვის დისკომფორტის შექმნა წინასწარი განზრახვით არასდროს გამიკეთებია,”-აცხადებს მსახიობი. ეს კომენტარი მსახიობმა მას შემდეგ გააკეთა, რაც CNN-მა ქალების ნაამბობი გაასაჯაროვა

80 წლის მსახიობი ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. მისი სამსახიობო კარიერა თითქმის ორმოცდაათ წელს ითვლის. ფრიმენი განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ შესრულებული როლებით “მის დეიზის მძღოლი” და “გაქცევა შოუშეკიდან”.

2017 წელს ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მდე მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა. ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში, მისი დაუფძნებულია “მირამაქსი” და “ვაინშტაინ კომპანი”. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მას დაშორდა ცოლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი