ახალი ამბები

ჰარვი ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა

25 მაისი, 2018 • 3774
ჰარვი ვაინშტაინი პოლიციას ჩაბარდა

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დღეს, 25 მაისს, ნიუ-იორკში პოლიციას ჩაბარდა, სადაც მას, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების ბრალდებას წაუყენებენ. ამის შესახებ BBC წერს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სახის ბრალდებას წაუყენებენ ვაინშტაინს, თუმცა, წინასწარი ცნობებით, ეს ლუსია ევანსის საქმეს უკავშირდება, რომელმაც პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ევანსის გარდა, ვაინშტაინს ათობით სხვა ქალი ადანაშაულებს.

აქამდე ჰარვი ვაინშტაინი ყოველთვის უარყოფდაა ძალადობის ფაქტებს და აცხადებდა, რომ ქალებს მასთან სექსი ყოველთვის ორმხირვი თანხმობის საფუძველზე ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაინშტაინს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მა მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა. ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო ჰოლივუდში, მისი დაფუძნებულია “მირამაქსი” და “ვაინშტაინ კომპანი”. იგი ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მას დაშორდა ცოლიც.

ვრცლად ჰარვი ვაინშტაინის საქმის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი