„მიმდინარეობს 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა და, ბუნებრივია, წარმოდგენილი გვაქვს წინადადებები, რომ საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გაეზარდოთ ხელფასები, რადგან ეს თანამშრომლები უკვე წლებია მუშაობენ მიზერულ ხელფასზე. ნურავის ჰგონია, რომ ბიბლიოთეკაში მუშაობა ძალიან მარტივია. რაც იყო წარმოდგენილი ჩვენ მიერ, ეს იყო 30%-იანი ზრდა ხელფასების, მაგრამ ესეც კი ვერ ხერხდება. მიუხედავად დიდი სურვილისა, ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა“,- ამბობს ნარგიზა ჩოგოვაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.
კომისიის თავმჯდომარე ტატო მესხი ბიბლიოთეკარებისთვის ხელფასების გასაზრდელად 137 ათას ლარს, ასევე, სპორტულ აიპ–ში დასაქმებულთათვის ხელფასების გასაზრდელად 256 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა, ვიცე-მერების თქმით, ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა შეუძლებელია:
„დღეს გვქონდა შეხვედრა ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული შენიშვნები. რაღაც ნაწილში მოხდა პოზიციების შეჯერება, თუმცა რაღაც ნაწილში ვერ შევჯერდით. ეს შეეხება ბიბლიოთეკარებისათვის ხელფასების მომატებისთვის თანხების გათვალისწინებას და ასევე სპორტული აიპ–ებისთვის, სპორტის მრწვთნელებისთვის ხელფასების მომატებას. ჯერჯერობით ამ კუთხით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”, – აცხადებს ტატო მესხი. მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვითმმათველობა უხდის ხელფასს და ვისი ხელფასი 200 ლარზე ნაკლებია, ანაზღაურება 200 ლარამდე გაეზრდება, როგორც ტატო მესხი აცხადებს, ქალაქში ასეთი 300–მდე ადამიანია.