ახალი ამბები

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ ქეისთვის 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

16 დეკემბერი, 2013 •
სასამართლომ გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ ქეისთვის 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

 

“2013 წლის 13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე – ჯოზეფ კეი გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ, მოპასუხე გიორგი ვაშაძის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ჯოზეფ კეის სარჩელი.

 

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 – 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მოპასუხე მხარე არ იყო გამოცხადებული და არც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ იყო სასამართლო ინფორმირებული, მხარისათვის გონივრული ვადით მოცდის მიზნით, სხდომაზე გამოცხადდა შესვენება. მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამა ’’კურიერისა’’ და ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო პროგრამა ”ქრონიკის” ეთერით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება მის მიერვე 2013 წლის 24 თებერვალს გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ; მოპასუხე მხარეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად”, –ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ, მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამ საკითხს სოციალური ქსელებით გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე:

 

“დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გავაგრძელებ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ ამ საქმეშიც გავიმარჯვებთ, არ ვაპირებ ბოდიში მოვუხადო ჯოზეფ ქეის! მაქვს თქვნი მხარდაჭერის იმედი”, – დაწერა ვაშაძემ ფეისბუკზე.

 

ჯოზეფ ქეი აპროტესტებს ვაშაძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას – დეპუტატმა ბიზნესმენს საერთაშორისო თაღლითი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი