“ამ ასოციაციის შექმნით კერძო მერკანტილური ინტერესი კლინიკებს არ აქვს. ეს იმ გამოწვევებს ეფუძნება, რომელიც არის დღეს ჯანდაცვის სექტორში. ასოციაცია ორიენტირებული იქნება თავად ჰოსპიტლებისა და პაციენტის ინტერესებზე. ასოციაციას ექნება კოორდინირებული მუშაობა როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, კერძო სადაზღვევო სექტორთან,”- ამბობს იაგორ კალანდაძე, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის განვითარების დირექტორი და “დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე.
“დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციაში” „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ე.წ. ინგოროყვას კლინიკა, „წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, „სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი,” „ჩაჩავას კლინიკა,“ „თბილისის გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა,” „ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, “ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, ”ნიუ ჰოსპიტალი” და „აკადემიკოს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი” გაერთიანდა.
“დაახლოებით ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო შექმნილი ორი მსგავსი ასოციაცია, რომელიც თავისი საქმეებით ბოლომდე ვერ მივიდა. მაგრამ დღეს სხვა ცხოვრება მოვიდა, საავადმყოფოების უმრავლესობა დამოუკიდებელია, ამიტომ ამ ასოციაციის შექმნა, პირველ რიგში, ჰოსპიტლებისთვის არის საჭირო. დღეს არ არის კოორდინირებული ჩვენი საქმიანობები, ბევრი საკითხი ჩვენ შორისაც არის დასალაგებელი. დიდი ხანია ვამბობ, რომ თითოეული დარგის ყველა ექიმმა უნდა ილაპარაკოს ერთ ენაზე. ეს უნდა მოვახერხოთ ჰოსპიტლებმა ერთად. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ დავით სერგეენკოს მიერ გადაიდგა მნიშნველოვანი ნაბიჯი საყოველთაო დაზღვევით, რომელმაც ახალი ეტაპი შემოიტანა ჩვენი, ჰოსპიტლების ცხოვრებაში, ეხლა არის საჭირო ურთიერთობა სამინისტროსა და ჰოსპიტლებს შორის. ასევე, კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და ჩვენ შორის. ეს ყველა მხარისთვის იქნება სასარგებლო. ერთი მიმართულება უნდა ჰქონდეს ყველა ჰოსპიტალს. თუმცა, ამავე დროს, ვიქნებით ერთმანეთის საღი კონკურენტები და არა ხელის შემშლელები. დღემდე არ ვიცნობთ ერთმანეთის მუშაობის სპეციფიკას. სად რომელი დარგია განვითარებული. მხოლოდ 60-70%-ში ვფლობთ ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას. ამის გამო ავადმყოფს უწევს მიხვეულ- მოხვეული გზით მისვლა იმ კლინიკაში, რომელიც მას სჭირდება, მაშინ, როდესაც შეიძლება პირდაპირ მივიდეს, თუკი კლინიკებს ეცოდინებათ ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი,”- ამბობს ინგოროყვას კლინიკის ხელმძღვანელი, გოჩა ინგოროყვა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ასოციაციის წევრები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ეს არის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ფასების რეგულირება.
“არსებობდეს შეჯერებული ფასები, – ესეც იქნება ჩვენი სამუშაო თემა. სხვადასხვა კომპანიების მიერ მაქსიმალურად იყო ფასები დაწეული, რამაც ძალიან ცუდი შედეგი იქონია სამედიცინო ხარისხზე. არ შეიძლება 100 ლარი ღირდეს რაღაც, რაც 150 ლარი ღირს რეალურად. ეს აზიანებს მომსახურების ხარისხს. ერთიანი სისტემის შექმნას შევეცდებით,”- ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ავთანდილ იმედაძე.
როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, ჰოსპიტლების ერთობლივი სამუშაო მიმართული იქნება, ასევე, იმ პაციენტების შემცირებაზე, ვისაც მკურნალობის ჩასატარებლად საზღვარგარეთ უწევს წასვლა.
“ძალიან დიდი გადინებაა მეზობელ ქვეყნებში პაციენტების, ესეც იქნება ჩვენი განხილვის თემა. უნდა დაისახოს სტრატეგია, რომ საქართველოშიც გახდეს შესაძლებელი ამ მომსახურებების ჩატარება. მით უმეტეს, სხვადასხვა კლინიკაში ამის შესაძლებლობები უკვე არის,”-აცხადებს იაგორ კალანდაძე.
ახლად შექმნილ ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ ჯანდაცვის სისტემაში, კერძოდ, ჰოსპიტალურ სექტროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ინიციატივებიც წარმოადგინონ.
ელგუჯა გოცირიძის, ჩაჩავას კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, “კლინიკა არის პირისპირ პაციენტთან, ყველა ხარვეზი არის ძალიან მტკვინეული. ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვირციხავ, საკანონმდებლო ინციაიტივებით შევიდეთ, რათა კორექტირებები მოხდეს კანონმდებლობაში. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ არსებულ დადგენილებაში არის გარკვეული ხარვეზები, რაც უნდა მოგვარდეს.”
კითხვაზე, რა არის ძირითადი პრობლემა დღეს, რომელიც ჰოსპიტლებს საყოველთაო დაზღვევამ შეუქმნა, ასოციაციის წევრები არ პასუხობენ.
“ერთმანეთთან გვექნება კონსულტაციები, შევჯერდებით და მივაწვდით ჯანდაცვის სამინისტროს ამ შენიშვნებს. ბევრი რამე უკვე გასწორდა, და რაც არ არის ამ დრომდე გამოსწორებული, დავაჩქარებთ,” -ამბობს ჩაჩავას კლინიკის წარმომადგენელი.