ახალი ამბები

დარახველიძე: აღმოვაჩინეთ დევნილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დევნილები არ არიან

16 დეკემბერი, 2013 •
დარახველიძე: აღმოვაჩინეთ დევნილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დევნილები არ არიან

როგორც მინისტრმა პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერჯერობით საუბარია 500 ასეთ ადამიანზე, რომელთა საქმე მთავარ პროკურატურას უკვე გადაეცა:

 

“ეს არის დევნილთა ხელახალი სავალდებულო რეგისტრაციის თემა. გარკვეული რაოდენობის დევნილებმა, საუბარია რამდენიმე ათეულ ათასზე, განვლილი დროის მანძილზე არ ან ვერ გაიარეს ხელახალი რეგისტრაცია. გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია და ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ, თუმცა რეალურად არ არიან დევნილები. რაოდენობა იმ ე.წ. დევნილებისა, რომელთა საკითხი კვლევაშია, 1100 უკვე გადასცდა, ხოლო აქედან 500–ზე მეტი ადამიანის თაობაზე საქმე უკვე გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საუბარია პირადი დოკუმენტების გაცემაზე, ყალბ ცნობასა და ყალბ პირადობის მოწმობაზე. დანარჩენებზე მზადდება საქმე პროკურატურაში გადასაცემად. თან მიმდინარეობს კვლევა, თან მზადდება საქმე”, – განაცხადა დარახველიძემ.

 

მისივე თქმით, მზადდება აქტი, რომლის მიხედვითაც, ის ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით აღიარებენ, რომ დევნილები არ არიან და ეს სტატუსი უკანონოდ აქვთ მოპოვებული, სამართლებრივ დევნას არ დაექვემდებარებიან, თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს ამნისტია არ შეეხებათ იმათ, ვინც ყალბი პირადობის მოწმობები და ცნობები გასცა პირის მიერ დევნილის სტატუსის მოპოვებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პრივილეგიებით ისარგებლეს იმ ადამიანებმა, ვინც მინისტრის მტკიცებით დევნილები არ არიან, თუმცა დახმარებას მაინც იღებდნენ. 

 

დევნილთა ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია მომდევნო კვირის ბოლოს სრულდება.

 

“მომავალი კვირის პარასკევს სრულდება ეს პროცესი. დღევანდელი მონაცმეებით რეგისტრაცია გავლილი აქვს 212 000 დევნილს მაშინ, როცა დევნილთა საერთო რაოდენობა წინა მონაცემებით  274 ათასს შეადგენს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი