ახალი ამბები

ვაშაძე ამბობს, რომ გაბუნიას ეპიზოდზე მეტად ეკლესიის რეაქცია არ მოეწონა

25 მაისი, 2018 • 3260
ვაშაძე ამბობს, რომ გაბუნიას ეპიზოდზე მეტად ეკლესიის რეაქცია არ მოეწონა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გირგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მას არც გიორგი გაბუნიას ეპიზოდი მოეწონა და არც საპატრიარქოს რეაქცია გადაცემა არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს გავიდა ეთერში და ქვეყანაში ცენზურის შესაძლო დაწესებას მიეძღვნა. თუმცა ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ გაბუნიას ეპიზოდზე მეტად კატეგორიულად არ მოეწონა საპატრიარქოს რეაქცია.

“ყველამ, მიუხედავად იმისა, რომელიმე რელიგიური კულტის მსახურები იქნებიან თუ ტელევიზიის თანამშრომლები, კარგად უნდა შევისწავლოთ ჩვენი  კონსტოტუცია და შევიგნოთ: სად იწყება ჩვენი, როგორც მოქალაქეების უფლებები და სად მთავრდება პასუხისმგებლობა.

მე პოსტფაქტუმ ვნახე ეს ნაწყვეტი, რის გამოც ეს სკანდალი დაიწყო, ნაწყვეტი არ მომეწონა, კიდევ უფრო კატეგორიულად არ მომეწონა ჩემი ეკლესიის განცხადება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ რ2-თან საუბარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.

საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბუნიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი