დღევანდელი შეკრების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეიქმნა კრიზისების მართვის დროებითი შტაბი, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ოპერატიული და დროული რეაგირება მოჰყვეს. ხოლო უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც აქტიურ დახმარებას გაგვიწევენ ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები.
“საგანგებო თათბირზე პრემიერი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრებისგან აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თხოვნით მიმართა მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს, როგორც პრობლემების, ისე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ობიექტური გაშუქება”.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო თათბირს ენერგეტიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მისი პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.