ახალი ამბები

მინდიაშვილი: საპატრიარქოს იარაღი არა ღვთის სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია

24 მაისი, 2018 • 5206
მინდიაშვილი: საპატრიარქოს იარაღი არა ღვთის სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიტროპოლიტ იობის წყევლასა და საპატრიარქოს მოწოდებას, არ ითანამშრომლონ “რუსთავი 2″–თან, ეხმაინება და აცხადებს, რომ სამღვდელოების და მრევლის იარაღი არა სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია.

ფეისბუკზე დაწერილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ქრისტე მრუშ ქალს ჩაქოლვისგან დაიცავს და მის მოსაკლავად შეკრებილ მორალისტ მრევლს უწმიდურებაში დაადანაშაულებს;

ქრისტეს მოყვასის ნიმუშად “მწვალებელი” სამარიტელი მოყავს და მისი მაგალითით გულგაქვავებულ მართლმორწმუნე მღვდელს, დიაკვანსა და რჯულისმეცნიერს ამხელს;

ქრისტე სოციალური კეთროვნის, საძულველი მებაჟის თავმდაბალი ლოცვისა და სინანულის ფონზე, მართმადიდებლობის იმჟამინდელი დამცველების – ამპარტავანი ფარისევლების გულანთებულობას არარად, ამაო გარჯად მიიჩნევს;

ქრისტე ურჯულო ცენტურიონზე ამბობს, რომ ყველაზე ღრმად მორწმუნეა მთელ სამართლმადიდებლოში, რადგან ადამიანი უყვარს, ზრუნავს ადამიანზე, ხოლო მართლმურწმუნე, რჩეულთა შორის ურჩეულეს ნაზარეთელებს უკიდურეს ურწმუნოებად აფასებს, რადგან მათ სძულთ ადამიანად მოსული ღმერთი და მკრეხელობაში ადანაშაულებენ მას;

ქრისტე სავაჭრო დახლად ქცეული ტაძრიდან მრღვდელმთავრების ბიზნესებსა და წილებს – ქათმებს, ძროხებს, ნავთობგადამზიდ და თამბაქოს შემომტან ფირმებს, კაზინოებსა და პენტჰაუსებს გამოდევნის და იტყვის, რომ ის დაანგრევს ამ ტაძარს, ტაძარს, რომელსაც იმდროინდელი მართლმადიდებლობა ქვეყნად ყველაზე დიდ სიწმინდედ მიიჩნევს, რადგენ ღმერთის ჭურჭელი ქვები და ფული კი არა, ადამიანია;

ქრისტე პეტრე მოციქულს ადამიანზე, მტერზე ძალადობას აუკრძალავს და უფლის შესაპყრობად მოსულ ჯარისკაცს ჩამოთლილ ყურს გაუმრთელებს;

ქრისტეს ბრბო, სინოდი, სახელმწიფო – ყველა ერთად, მკრეხელობის, ღვთის გმობის, ანუ რელიგიური გრძნობების შერაცხყოფის გამო სიკვდილით დასჯის, ის კი ჯვრიდან მათი სულების გადასარჩენად ზეციური მამის წინაშე ლოცულბს, რადგან არ იციან მათ, რას სჩადიან;

ქრისტე თავისი მიმდევრების მოსაკლავად, ჩასაქოლად მომართულ სავლეს კი არ დაწყევლის და შეაჩვენებს, კი არ მოუწოდებს მისიანებს, შური იძიონ, არამედ, გზად შეხვდება და სიყვარულით ეტყვის, სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?

ქრისტე გვამცნობს, რომ მტერი უნდა გვიყვარდეს, რადგან მამისთვის ყველა შვილია, ხოლო ახლობლები და ჩვენიანები, აი, მართლმადიდებლები და ქართველები ფარისევლებსაც “უყვართ”;

ქრისტე და მისი წმინდა ეკლესია მხოლოდ მაშინ გვრთავს ნებას, რომ შევაგონოთ ან ვამხილოთ ვინმე, როცა სიძულვილი კი არა, კონკრეტული ადამიანისადმი სიყვარული გვამოძრავებს;

ღმერთი, პავლეს პირით გვიმხელს, რომ მთავარი, ყველაზე ღრმა გმობა და განდგომა, არა ურწმუნობა, არამედ სწორედ უსიყვარულობაა, ეზეკიელ წინასწარმეტყველის სიტყვით კი გვეუბნება, რომ ასეთი საზოგადოება სოდომსა და გომორს ემსგავსება და ნადგურდება.

საპატრიარქო, მმკ, წყველა-კრულვის მოყვარული მღვდელმთვარები, მღვდლები, მრევლი სწორედ ღრმა უსიყვარულობას, ლუციფერულ ამპარტავნებას ამჟღავნებენ და ამ დიდი განდგომილების გამო, განადგურების საშიშროების წინაშე აყენებენ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც.

ისინი არც კი ცდილან, სიყვარულითა და თანაგრძნობით შეხევდროდნენ იმ ადამიანებს, მშვიდად, აუღელვებლად მოესმინათ და შეესმინათ მათთვის, ვისაც თავიანთი მძულვარე ბაგეებით ანათემას გადასცემენ.

წარმოიდგინეთ, მათი იარაღი არა ღვთის სიტყვა და სიყვარული, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოღერებული ტაბურეტია!”, – წერს ბექა მინდიაშვილი.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.

საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი