პრიზი საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტს გადაეცა. საუკეთესო ტელე და რადიორეპორტაჟისთვის განკუთვნილი პრიზი კი სტუდია “მონიტორის” წარმომადგენელმა გიორგი მგელაძემ მიიღო. საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილისთვის განკუთვნილი პრიზი გიორგი კიკონიშვილს გადაეცა ჟურნალ “ლიბერალში” გამოქვეყნებული ბლოგისთვის “ადამიანი, შე ჩემა”. გიორგი კიკონიშვილი ამჟამად “ნეტგაზეთის” სვეტის ავტორია. ყველაზე ინფორმატიული ონლაინ გაზეთი ან საინფორმაციო სააგენტო კი “ნეტგაზეთი” გახდა.
წელს პირველად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) სპეციალურ პრიზი დააწესა მშვიდობის ჟურნალისტიკაში. პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ. აღნიშნული პრიზი “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, ოლესია ვართანიანს გადაეცა.
პრიზების გადაცემის შემდეგ ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც პროექტის “ევროკავშირის კულტურის ქარხანა – მუსიკალური ფესტივალი“ ფარგლებში ჩატარდა. კონცეტრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სიმფონიეტა, თბილისის სახელმწიფო კამერული მუსიკის ორკესტრი კრისტოფ მაიერის დირიჟორობით და მაგდა უბილავა (კლავესინი, ფორტეპიანო).
ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ. ქართველი და ევროპელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ საკონკურსოდ განიხილა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული ნაშრომები.