ალექსანდრე ნინუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ტარების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ნინუამ შეგნებულად დაანახა იარაღი პოლიციელებს:
” ჩემი 9-წლიანი საადვოკატო პრაქტიკის პერიოდში პირველი შემთხვევა იყო, სხვისგანაც არ მსმენია, როცა დაცვის მხარე გაახმოვანებდა სურვილს სასამართლო პროცესზე, რომ ბრალდებულს პატიმრობის შეფარდება სურს. ეს იყო გარკვეულწილად აქცია-პროტესტი და განაცხადა ამ საქციელით, რომ მას არ ეშინია ციხის. რომ ის მზადაა მანამდე იყოს ციხეში, სანამ მისი ყველა თანამშრომლის ბრალეულობის შესახებ გადაწყვეტილება არ გამოვა, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან. რაც შეეხება დანაშაულის პროვოცირებას, მან შეგნებულად დაანახა პოლიციელებს იარაღი, დააგდო ძირს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ეს ცეცხლსასროლი იარაღი”.
სასამართლო პროცესზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა თავად ბრალდებულმაც:
“აღარ მახსოვს, უკვე რამდენ საქმეზე იყვნენ, 7,8,9 ან 10. ბოლოს ყველა წავიდა იქით, რომ მე აუცილებლად ჩვენება უნდა მიმეცა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ ის ჩემი მინისტრი იყო, ჩემი მეგობარია და ამას რომ თავი დავანებოთ, ვერანაირ ჩვენებას ვერ მივცემდი იმაზე, რაც არარსებულია. ძალიან ვამაყობ იმ წლებით, რომელიც ამ კაცის გვერდით გავატარე. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ ერთობლივად. ძალიან დიდი საქმეები ამ ქვეყნისთვის. მე ის მჭამს, რომ ჩემ გამო და ჩემი გაცემული დავალების გამო ამ ახალგაზრდა ხალხს ასე დაათრევენ ერთი ორგანოდან მეორე ორგანოში, ყოველ დღეს იმის მოლოდინში ვიწყებ, რომელს დაიჭერენ დღეს, იმის გამო, რომ ჩემი დავალება შეასრულეს. ეს ხალხი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამ ყველაფრის ჩემ წინააღმდეგ გამოყენება უნდათ. მე კატეგორიულად ვუკრძალავ ყველა ჩემს ახლობელს და მეგობარს, რაიმე სახის გარიგებაზე, ან გირაოზე [წავიდნენ], მე მანამდე დავრჩები ციხეში, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი, იმ კონკრეტული ბრალდებებისგან, რომელსაც ასე უსაფუძვლოდ უყენებენ მათ, გათავისუფლებულები არიან. ასე აღმოჩნდა, ქალბატონო პროკურორო, ჩემი მაკაროვი პატრულის მანქანის წინ რუსთაველის პროსპექტზე”- განაცხადა ალექსანდრე ნინუამ სასამართლო პროცესზე.
დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილმა ბრალდების მხარემ, პროკურორმა მანანა მარტიაშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალებში დანაშაულის პროვოცირების შესახებ დამადასტურებელი მასალა არ არის.
დღევანდელ პროცესს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილიც. მისი თქმით, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როდესაც ადამიანმა გარეთ ყოფნას ციხეში ჩაჯდომა არჩია:
“მან თვითონ მიუტანა იარაღი პატრულს და მოითხოვა, რომ დაეკავებინათ, პროკურატურამ მოითხოვა წინასწარი პატიმრობის შეფარდება. დაცვის მხარეს ეს არ გაუპროტესტებია და პირიქით, ამას დაეთანხმა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ალექსანდრე ნინუას ირგვლივ ზეწოლა მიმდინარეობდა მთელი ერთი წლის განმავლობაში და მისგან პირდაპირ ითხოვდნენ, რომ მას, მის თანამშრომლებს, მეგობრებს მიეცათ ჩვენებები დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამ შანტაჟმა, ამ ტერორმა, გახადა ალექსანდრე ნინუა იძულებული, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ებრძოდეს კრიმინალს, იბრძოდეს ბიუჯეტის შესავსებად, ამის ნაცვლად მათი მთავარი სამიზნე ისევ არის პოლიტიკური ნიშნით არჩეული ადამიანები”.- განაცხადა ნადირაშვილმა.
დღის ბოლო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურაც, რომელიც უარყოფს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე, ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.
“საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ალექსანდრე ნინუა პროკურატურის მიერ მხოლოდ ორჯერ იქნა გამოძახებული: იგი მოწმის სახით დაიკითხა 2013 წლის 26 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის 1 აგვისტოს”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.