ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “რუსთავი2″–ის გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა: 

 

“ბუნებრივ აირს რაც შეეხება, შესაბამისმა კომპანიებმა დღეს განცხადებები გააკეთეს, რომ გაზგასამართ სადგურებს შეეზღუდებათ გაზის მიწოდება, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს და დღეს, ღამის პირველი საათიდან 7 საათამდე ეს სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ეს მოსახლეობას არ შეეხება. მხოლოდ და მხოლოდ გაზგასამართ სადგურებს შეეზღუდებათ იმ საათების მონაკვეთში ბუნებრივი აირის მიწოდება.   

 

დღეს, ღამის 12 საათიდან გაზის მიწოდება აჭარაში სამი-ოთხი საათით შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სოკარ გაზი აჭარას“ დირექტორმა დაუდასტურა.

 

თენგიზ ქოქოლაძის თქმით, „სიცივიდან გამომდინარე, ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება გაიზარდა. აქედან გამომდინარე, კორპარაცია მაგისტრალ გაზსადენზე გარკვეულ ღონისძიებას ატარებს. ზოგი იძახის, რომ გასკდაო. არაფერი არ გახეთქილა, გაზი მოდის და არ ჩამქრალა. ღამის 12 საათიდან უნდათ გათიშვა 3-4 საათამდე. დილით ბუნებრივი აირის მიწოდება ჩვეულებრივად აღდგება. ასეთი ტელეფონოგრამა გვაქვს ჩვენ“.

 

ბათუმს უკვე ხუთი დღეა შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგიაც. შესაბამისი სამსახურები დღემდე ვერ აკონკრეტებენ, ელექტროენერგია სრულყოფილად როდის მიეწოდება აჭარას. აჭარის მთის ყველა სოფელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *