ამის სესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “რუსთავი2″–ის გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა.
“ასეთი შემთხვევა სისტემას არ ახსოვს. ერთდროულად დაზიანდა ყველა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. პირველი, რაც მოვახერხეთ, თურქეთის გადამცემი ხაზი აღვადგინეთ და ხდება იმპორტი თურქეთიდან. “პალიასტომი1” და “პალიასტომი 2” არ არის აღდგენილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ასეთი დიდითოვლობა რეგიონში 1985 წლიდან არ ყოფილა. მეორე ფაქტორი არის ის, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ხაზებზე, რომელიც ჩვენ რეგიონში გვაქვს, ყველა მიმართულებით, ერთი და იგივე ტიპის დაზიანება ფიქსირდება. ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვის წინ აღიძრა საქმე მიზანმიმართულად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულეთის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზების მიმართ ხორციელდებოდა გასროლა. გვაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება დაწყებულია და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც რამე გაირკვეს.”
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების მიზეზი დივერსია? კალაძემ უპასუხა, რომ მას არ სურს ამასთან პირდაპირი კავშირი გააკეთოს, ვიდრე ზუსტი ინფორმაცია არ ექნება:”თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან ყველა მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე გვაქვს ერთი და იგივე დაზიანება.”
ენერგეტიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ “ენერგო პრო ჯორჯიამ” ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციები უნდა გაიღოს:
“ჩვენ ზაფხულში დავდიოდით რეგიონებში. ყველა გამგებელი გვყავდა ჩამოყვანილი და მათ უნდა წარედგინათ თავიანთი სოფლის და რეგიონის პრობლემები. ყველგან გვაქვს ერთი და იგივე სიტუაცია. პრობლემაა ადგილობრივი ქსელის მოწესრიგება, არსებული ბოძები, ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ინვესტიციები უნდა განხორციელდეს. პირველი, რაც კეთდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში, ეს არის გამრიცხველიანების პროექტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.კიდევ ერთხელ ვამბობ, პრინციპულად მნიშვნელოვანია არსებული ქსელის მოწესრიგება, რადგან ერთი ამინდის ცვლილება იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას და ამ მიმართულებით “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელობასთან გვექნება სერიოზული საუბარი. ახლა ამის დრო არ არის, მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, დაზიანებები არის მთან აჭარაში, სადაც ანძები წაქცეულია დიდთოვლობის გამო.”პალიასტომი1″ და “პალიასტომი2″ არის სახელმწიფო საკუთრება, ამ ხაზზე არის სერიოზული დაზიანება და ამ წუთებშიც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.”