ახალი ამბები

Bassiani-სა და კლუბის მხარდამჭერების აქციის ანონსი ფეისბუკზე წაშლილია

23 მაისი, 2018 • 2960
Bassiani-სა და კლუბის მხარდამჭერების აქციის ანონსი ფეისბუკზე წაშლილია

ფეისბუკზე გაუქმდა ანონსი, რომლის მიხედვითაც კვირას, 27 მაისს, ევროპის მოედანზე Bassiani-სა და 35-მდე სხვა დაწესებულების აქცია უნდა გამართულიყო.

თუმცა კლუბ Bassiani-ს ოფიციალურ გვერდზე აცხადებენ, რომ ღონისძიება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაუქმდა:

“მეგობრებო, გაურკვეველი მიზეზით და ორგანიზატორებისგან დამოუკიდებლად 27 მაისის ღონისძიება “ბრძოლა ბასიანისთვის” წაიშალა. გვიჭირს წინასწარ ვინმეს დადანაშაულება და ხელის დადება, ვცდილობთ გამოვიკვლიოთ, თუ რა მოხდა და რაშია საქმე” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა აქცია 27 მაისს. როგორც “ნეტგაზეთს” კლუბის დამფუძნებლებმა უთხრეს, ამ საკითხზე ღონისძიების სხვა ორგანიზატორებთან ერთად უნდა შეჯერდნენ.

ღონისძიების ანონსში, რომელიც უკვე წაშლილია,  ორგანიზატორები აქციას გეგმავდნენ ევროპის მოედანზე და აპირებდნენ მოეთხოვათ სპეცოპერაციის შემდეგ დალუქული კლუბის გახსნა, თუმცა დღეს, 23 მაისს, შსს-მ განაცხადა, რომ კლუბში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და კლუბის ტერიტორიაზე Bassiani-ს დამფუძნებლები შეუშვა.

კლუბის მფლობელები იურისტებისა და პოლიციის თანხლებით Bassiani-ს ტერიტორიას 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით კლუბში ტექნიკა დაზიანებული არაა, თუმცა უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია. კლუბის მფლობელები ვარაუდობენ, რომ Bassiani ფუნქციონირებას ივნისიდან განაახლებს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ორ კლუბში ,  “გალერისა” და “ბასიანში”,  12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე  დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი