ახალი ამბები

სახალხო დამცველი პროკურატურიდან მასობრივად დათხოვნის საკითხს შეისწავლის

13 დეკემბერი, 2013 •
სახალხო დამცველი პროკურატურიდან მასობრივად დათხოვნის საკითხს შეისწავლის

ამ მიზნით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა 2013 წლის 25 ნოემბრიდან დღემდე თანამშრომელთა გათავისუფლებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის გათავისუფლების ბრძანებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 

 

საქართველოს სახალხო დამცველი სრული მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნულ საკითხზე საკუთარ შეფასებას გააკეთებს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარი პროკურატურიდან 2013 წლის ნოემბერ–დეკემბრის თვეში გათავისუფლებულ პირებს, მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.  


11 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ ახალი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ იმ კადრებს, ვინც არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაინიშნენ, პოსტებს ატოვებინებენ.


საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ საკითხს 12 დეკემბერს გამოეხმაურა განცხადებით, რომლითაც დაადასტურეს საკადრო გადაადგილებები, თუმცა უარყვეს თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტები.


“რაც შეეხება ბრალდებას ა. კბილაშვილის მთავარი პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნულ პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამჟამად სისტემაში საქმიანობას აგრძელებს 179 პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი