ახალი ამბებიხელოვნება

“ოთარაანთ ქვიარი” – ერეკლე დეისაძე თავისი ახალი წიგნის შესახებ

23 მაისი, 2018 • 6452
“ოთარაანთ ქვიარი” – ერეკლე დეისაძე თავისი ახალი წიგნის შესახებ

24 მაისს გამოვა ერეკლე დეისაძის მოთხრობების ახალი კრებული „ოთარაანთ ქვიარი“. წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას: „მწვადამიანი“, „გემრიელად მიირთვით“, „სიზუსტე“ და „ოთარაანთ ქვიარი“.

როგორც ერეკლე ამბობს, ეს არის ოთხი სხვადასხვა ისტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი და ამ ფონის შედეგად გამოწვეული საზოგადოების რეფლექსები აერთიანებს.

ერეკლე დეისაძე: „ეს არის მოთხრობები პრობლემებზე, ჭრილობებზე, რაც ყველაზე ძალიან სტკივა საზოგადოებას: უმცირესობები, მათი უფლებები, პოლიტიკა, თუ როგორ ჭამს და მარტო ტოვებს სისტემა ადამიანს, როგორ ეძებენ ისინი ამის მიზეზებს ერთმანეთში და ვერ ხედავენ საერთო პრობლემას – ტოტალიტარული სახელმწიფოს სახით. წიგნი ამ ყველაფრის კრიტიკაა.

ალბათ, ყოველთვის გავაღიზიანებ და გამოვიწვევ ორმაგი სტანდარტების მქონე ფარისევლებს, რადგან ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნქცია მხილებაა და ჩემი წიგნებით ერთ-ერთი მთავარი მამხილებელი ვარ მეც.

ორმაგი სტანდარტია, როცა, ერთი მხრივ, გვიყვარს ვაჟა-ფშაველა, მაგრამ ვერ ვიღებთ უცხო, ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს. ერს, რომელსაც მართლა უყვარს ვაჟა, შეუძლებელია ის დამოკიდებულება ჰქონდეს ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ, რაც აქვს.

ქართველებს ძალიან გვიყვარს მკვდრები, სიცოცხლე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას, მოძრაობას, ძიებას, ეს იმდენად გვეზარება, რომ მკვდრების გაფეტიშება გვირჩევნია.

გვეშინია ბედნიერი ადამიანების, გვირჩევნია გლოვა, ტრაგედია, ყოველთვის ვერთიანდებით ტრაგედიების ირგვლივ, მაგრამ არ შეგვიძლია სიხარულის ირგვლივ გაერთიანება, გაზიარება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: განათლების დაბალი დონე, სოციალური უთანასწორობა, სიდუხჭირე, პრივილეგირებული კლასები.

რეალურად ამ პატარა ერშიც კი პატარა, შიდაკლასობრივი ომებია. საქართველოში მცხოვრები არტისტისთვის ამ მოვლენებზე დაკვირვება დიდი ფუფუნებაა.

ბოლო წიგნისგან ველი ბევრ ავტოგრაფს, ბევრ სიყვარულს, ბევრ ქვას და ტალახსაც. ეს ყველაფერი ჩემთვის მისასალმებელია“.

როგორც წიგნის რედაქტორი, გვანცა ჯობავა აღნიშნავს, ერეკლე დეისაძის ახალი მოთხრობები ყველაზე აქტუალურ, მწვავე საკითხებს ეხება, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობას, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს და სახელმწიფოს დამოკიდებულებას მათ მიმართ, გენდერულ ამბებს, ომის თემებსა და ომის შემდგომ ცხოვრებას.

გვანცა ჯობავა. ფოტო: internationalpublishers.org

„ტექსტი დაცლილია ლირიკისგან და თხრობა მაქსიმალურად ლაკონურია, რაც მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ რთულია. ერეკლემ ამ სირთულეს თავი კარგად გაართვა. ვფიქრობ, მკითხველი გულგრილი ვერ დარჩება.

ცხადია, ავტორი ისევ ეპატაჟურად თამაშობს, თუნდაც სათაურში და მსგავსი რამეების გემოვნებიანად კეთება ადვილი არ არის.

სოციალურ მედიაში უკვე მხვდება კომენტარები, წიგნის წაკითხვამდე გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას. სადაც ხმა მიმიწვდება, ყოველთვის ვამბობ ასეთ შემთხვევებში, რომ წავიკითხოთ ტექსტები და ამის შემდეგ განვიხილოთ წიგნები და საერთოდ, ყველაფერი.

წიგნის გამოცემა პარლამენტში ინიცირებული, ცენზურასთან დაკავშირებული  ახალი კანონპროექტის გამოჩენას დაემთხვა. ეს არის ჩვენი, როგორც გამომცემლობის პასუხი კანონპროექტის იდეაზე“ – ამბობს გვანცა ჯობავა.

ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი „ინტელექტმა“ გამოსცა. „ოთარაანთ ქვიარი“ წიგნის მაღაზიებში 24 მაისიდან გამოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი