“ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ადრესატები დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილია, წერია, რომ ჯაჭვლიანმა, გარდა უშუალოდ კოლეგის შეურაცხყოფისა, სახელმწიფო ინსიტუტების წინააღმდეგ მიმართული განცხადება გააკეთა.
“შემაშფოთებელია, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ჯაჭვლიანი ღიად იცავდა კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციას. მეტიც, ის მათი სახელით საუბრობდა შურისძიებაზე არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის და მისი ოჯახის, არამედ მთლიანად ოპოზიციური ძალის მიმართ. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ამით საქართველოს პარლამენტის წევრი დაუფარავად შეუერთდა მუქარას, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამთ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს. ამავე გამოსვლაში იყო კუთხური შუღლის გაღვივების პირდაპირი მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვენის ინტერესებს.”
მამართვაში ნათქვამია, რომ საქართველო იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის გადამწყვეტ ფაზაში, და რუსეთი ნებისმიერი მეთოდით ცდილობს შეაჩეროს თავისუფალი ერების სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რისი მკაფიო დადასტურებაც არის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.
“მომავალშიც ცალსახად მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მეთოდების გამოყენება, რათა საქართველომ უარი თქვას ევროპულ არჩევანზე. ამ ფონზე თითოეული პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ განცხადებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური, ეთნიკური თუ კუთხური დაპირისპირება. ამ პროცესზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და საქართველოს პრემიერ- მინისტრს, როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, გთხოვთ, ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და განხორციელებულ პროვოკაციაზე მოახდინოთ ადეკვატური და დროული რეაქცია.”
“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.