რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ აჭარის მაღალმთიანეთში [ფოტო]

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია უკვე მე–4 დღეა არ მიეწოდებათ. ადგილობრივი მოსახლეობა იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რაც მათ დიდთოვლობამ შეუქმნა, საუბარია ჩახერგილ გზებსა და უშუქობაზე:

“სკოლები არ მუშაობს, არც ბაღი, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები არ არის, 2 მეტრია თოვლი… მაღაზიები არ მუშაობს, 5 ძირითადი ელექტროგადამცემი ანძაა წაქცეული ქედის ცენტრიდან შუახევის ცენტრამდე. ახალი წლისთვის გექნებათ შუქიო, ასე გვეუბნებიან”, – ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაკლაკეთის მკვიდრი ელიკო კეჟერაძე. მისი თქმით, დღეს შედარებით გამოიდარა.

 

თოვლი შუახევში
თოვლი შუახევში

ხულოს მკვიდრი როლანდ ქათამაძე კი აცხადებს, რომ იგი უამინდობის გამო ბათუმში ჩარჩა და თავის სოფელში, ნახვერევში ასვლას ვერ ახერხებს:

“ბევრია ისეთი, ვინც ვერ მიდის სახლში. სოფელში სკოლა არ მუშაობს. 3 მეტრს გადააჭარბა თოვლმა”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ მისი სოფელი ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა სულხან ოქროპირიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მთავრობას შექმნილი აქვს სპეციალური შტაბი, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებზე მუშაობს. მისივე თქმით, იმ ადგილებში, სადაც ავტოტრანსპორტის მისვლა ვერ ხერხდება, სპეციალური ტექნიკის, კერძოდ, ტრაქტორების მობილიზება ხორციელდება და მოსახლეობამდე ტრაქტორებით მიდიან. ოქროპირიძის თქმით, სამუშაოებში არ მონაწილეობს ვერტმფრენი.

 

თოვლი შუახევში, ფოტო: ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ნეტგაზეთი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ტრაქტორებით მანქანებისათვის მიუვალი სოფლებიდან 3 ორსული ქალი და 2 ავადმყოფი გადაიყვანეს მუნიციპალიტეტის ცენტრში, თუმცა შუქი არც ამ ცენტრს მიეწოდება:

 

“უშუქობა ყველაზე დიდი პრობლემაა. მაღაზიებში ჯერჯერობით პროდუქცია არის, ანუ მაღაზიები მუშაობს. [პროდუქტების დეფიციტის] პრობლემა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება… ალბათ, იმედი გვაქვს ხვალისთვის ბათუმთან დამაკავშირებელი გზა სრულყოფილად იმუშავებს. ჩვენს მონაკვეთზე უფრო არ არის რთული სიტუაცია, რთული სიტუაცია უფრო ქედაშია, სადაც დიდი თოვლი მოვიდა, მეწყერები ჩამოწვა, რომელმაც გზები ჩაკეტა. გზები ეტაპობრივად  იხსნება”, – აცხადებს იგი.

 

მისი ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 37 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ხოლო იმ სოფლების რაოდენობა, სადაც გზები ჩახერგილია და მხოლოდ ტრაქტორი ახერხებს გადაადგილებას, 15–მდეა. მისივე თქმით, ხულოს ცენტრში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო სოფლებში 3 მეტრსაც აჭარბებს.

“ეს რაღაცა განსაკუთრებული ზამთარია. ძალიან მძიმე თოვლი მოვიდა, ხეებსაც კი ზიანი მიაყენა. იშვიათია ასეთი ზამთარი, 53 წლის კაცი ვარ და მე ასეთი არ მახსენდება. ერთი იყო 1985 წელს, როცა ასეთი თოვლი მახსენდება”, – ამბობს ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე. იგი ქედაში ზუსტად იგივე ვითარებას აღწერს, რასაც ქედელიძე – ხულოში, თუმცა ერთი განსხვავებით: ზვავსაშიშროების გამო ტრაქტორი ქედის ყველა სოფელში ვერ მიდის:

 

“ქედის ცენტრში 1,5 მეტრი თოვლი იქნება, სოფლებში 2 მეტრზე მეტი. ცენტრალური გზა ბათუმამდე გაწმენდილია და ტრანსპორტის გადაადგილება უზრუნველყოფილია. სოფლებს რაც შეეხება, სადაც გაჭირვება გვაქვს და ავადმყოფი გვყავს, ტრაქტორები მიდიან და ასე ვეხმარებით. ამ გზების გაწმენდას აზრი არ აქვს, რადგან კიდევ თოვს, ხვალიდან ვნახავთ როგორ წავა საქმე”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ რაიონში საკვები და მედიკამენტები ჯერჯერობით არის.

 

“მაგრამ თუ სოფლებში დროზე არ გამოვიდა ამინდი, ალბათ პრობლემები შეიქმნება. არის ისეთი სოფლები, სადაც ტექნიკის მიყვანა არ შეიძლება, რადგან გვეშინია, ხმაურზე ზვავი არ წამოვიდეს”.

 

დიასამიძეც და ქედელიძეც აცხადებენ, რომ აბსოლუტურად ყველა სოფელთან ხერხდება დაკავშირება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია შეძლებისდაგვარად კონტროლდება.

 

რაც შეეხება ცენტრალურ გზას, რომელიც მაღალმთიან აჭარას ბათუმთან აკავშირებს, ქედელიძეც და დიასამიძეც აცხადებენ, რომ ეს გზა გახსნილია, თუმცა გადაადგილება უსაფრთხო არ არის, რადგან მოყინვის გამო, მოსრიალების საშიშროება არსებობს. ამიტომ, მხოლოდ შესაბამისი ავტოტრანსპორტი მოძრაობს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება მაღალმთიან აჭარას ელექტრომომარაგება. ენერგო პრო ჯორჯიას მონაცემებით, იქ სულ 22 ათასი აბონენტია უშუქოდ დარჩენილი. ქედელიძე და დიასამიძე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას რამდენიმე დღეში ელოდებიან:

 

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის შედეგად წაქცეული და მწყობრიდან გამოსულია ხუთი ელექტროგადამცმი ანძა.

 

“იქ პასუხისმგებლობა სამუშაოებზე ეკისრება „ენერგო პროს“. დღეს ჩამოდის ერთი ანძა, ხვალ -მეორე და ასე ეტეპობრივად შეიცვლება. ინტენსიური მუშაობა მიდის. ტექნიკის გადასროლა ხდება და მთავარია, იქ მისასვლელი გზები გაიწმინდოს”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი
თოვლი შუახევში, ფოტო: ელიკო კეჟერაძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ფოტო: ელიკო კეჟერაძე