თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.
21 მაისს,თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას, „ერთობა-2013“-ს კიდევ ერთხელ და ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება, რასაც დღეს, 19:00 საათზემ რუსთაველის მეტროსთან აქციით გააპროტესტებენ.
სასამართლოს განმარტებები
სასამართლო განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განცხადება და ა(ა)იპ ,,ერთობა 2013″-ის ელმატარებლების მემანქანეებს შეეზღუდათ გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ გაფიცვა წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად:
“აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად. თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს ყველაზე იაფ და სწრაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად 400 000-მდე მგზავრი სარგებლობს და მისი შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს.”
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნავს საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებაში, მოქალაქეებთან ერთად, დაბრკოლდება და შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფ პირთა გადაადგილება: “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, როგორც სამსახურამდე დროული გადაადგილება, მათ შორის მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით, ასევე ამ სამსახურების სარგებლობაში არსებული სპეციალიზირებული ტრანსპორტის გადაადგილება, რითაც შეფერხდება ჯანდაცვის და სხვა სასიცოხლო მნიშვნელობის მომსახურების გაწევა.”
სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფიცვის უფლებით სარგებლობს მეტროპოლიტენის ელმატარებლების მემანქანეთა 80%-ზე მეტი, რაც შეუძლებელს გახდის მუნიციპალური მიწისქვეშა ტრანსპორტის (მეტროს) უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას. გაფიცვის შემთხვევაში მეტროს პარალიზების საფრთხეს სატრანსპორტო კომპანიაც ადასტურებს, თუმცა სასამართლო დავამდე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამორიცხავდა მეტროს შეფერხებას და ერთობა 2013-ის წევრებს “რამდენიმეკაციან ჯგუფს” უწოდებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სცადა დაებალანსებინა როგორც პროფესიულ კავშირებში გაერთიანების და გაფიცვის უფლება, ასევე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.
როგორც სასამართლო აცხადებს, მან მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ელმატარებლების მემანქანეთა გაფიცვა შესაძლოა ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს:
“შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ში გაერთიანებულ მემანქანეებს დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ.
სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ევროპული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაა და მისი გამოყენება/არგამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე.”
სადავო განჩინება
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი განმარტავს, რომ გაეცნო განმცხადებლის მოთხოვნას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მისი მტკიცებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
“უდავოა, რომ სახეზეა დამსაქმებელს, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ამავე კომპანიაში დასაქმებულ პირთა პროფესიულ კავშირ ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის კოლექტიური დავა საქართველოს შრომის კოდექსის 49.61 მუხლის შესაბამისად.
ასევე უდავოა, რომ მხარეებმა დავის გადაწყვეტა სცადეს მედიატორის მეშვეობით გამართული შეხვედრების დროს საქართველოს შრომის კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად და მხარეებმა ვერ მიაღწიეს კონკრეტულ შეთანხმებას.
უდავოა, რომ ააიპ ერთობა 2013-ში, 18.05.2018 წლის მდგომარეობით, გაერთიანებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტროპოლიტენის ელმატარებლების მემანქანეები და მეტროპოლიტენში სხვა დასაქმებულები, კერძოდ, სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ 210 მემანქანიდან ააიპ ერთობაში გაწევრიანებულია 170 მემანქანე, რაც წარმადგენს კომპანიაში დასაქმებულ მემანქანეთა 80%-ზე მეტს.
უდავოა, რომ ააიპ ერთობა 2013-მა 30.04.2018 წელს წერილობით აცნობა სატრანსპორტო კომპანიას პროფკავშირებში გაერთიანებულ წევრთა უვადო გაფიცვის უფლების გამოყენების შესახებ 03.05.2018 წლიდან.”
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელი მაისის განჩინებით ერთხელ უკვე გადაიდო 30 დღით ერთობა 2013-ის წევთა მიერ 3 მაისისთვის უვადოდ დაგეგმილი გაფიცვა. მოსამართლე მიუთითებს ახალ განჩინებაში, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის თანახმად, დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.
“საქართველოს შრომის კოდექსის 481.1. მუხლის თანახმად, კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის (შემდგომ – მინისტრი) შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.
განცხადების მიხედვით, განმცხადებელი აპირებს სარჩელის აღძვრას სავარაუდო მოპასუხის მიმართ საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, რის გამოც გაფიცვის უარყოფითი შედეგების როგორც ფინანსური კომპანიისათვის, ასევე მესამე პირებისათვის, მათ შორის მეტროპოლიტენით გადაადგილებულ პირთათვის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 06.12.2013 წლის #01/43/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში არსებულ პირთა მიერ მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროპოლიტენით გადაადგილებით უზრუნველყოფისათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად სამსახურში დროულად გამოცხადების მიზნით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ააიპ ერთობა 2013-ში გაერთიანებულ პირთა მიერ დეკლარირებული გაფიცვის გადადებას/შეჩერებას უშუალოდ მათ სამუშაო დროს გაფიცვის უფლების გამოყენება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე,” – აღნიშნავს მოსამართლე.
ამასთანავე, გიორგი გოგიჩაშვილის განმარტბით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეიტანონ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე:
“დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა (სსსკ-ის 191.1 მუხლი), ხოლო ჯერ არ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას წაეყენება დამატებითი წინაპირობა – შემთხვევის გადაუდებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოსათვის მიმართვის დროისათვის არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და რეალური საშიშროება, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნა მხარის ინტერესი, საფრთხის და შესაბამისი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, სარჩელის აღძვრამდე, მისგან დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით. ამ გარემოების არსებობა წარმოადგენს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძველს.
საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა იყოს თუ არა იგი საერთოდ გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე. განმცხადებლის მიერ მხოლოდ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა. ამასთან, განმცხადებელს ეკისრება უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობის, დარღვეული ან სადავო უფლების განუხორციელებლობის, გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის დადგომის შესაძლებლობის, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ასევე, კონკრეტულად მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების დასაბუთება.”
მოსამართლის მტკიცებით, კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ. არამედ, როგორც გიორგი გოგიჩაშვილი აღნიშნავს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად.
“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის მხარეთა უფლებებსა და ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის გზით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება “მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა” იყოს.
გიორგი გოგიჩაშვილის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი მოიცავს ასევე ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველიც არ არსებობს. აღნიშნული საფუძვლის შემოწმებისას, მოსამართლის განმარტებით, მოთხოვნის შემოწმება საჭიროა იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდის საფუძვლიანობა.
“განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს, სარჩელისა და სასამართლოს გადაწყვეტილების სამომავლოდ, დაუბრკოლებლად აღსრულების მიზნებიდან გამომდინარე, ასევე სამომავლო მნიშვნელოვანი ზიანის, მათ შორის ფინანსური და მესამე პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სახელმწიფო სტრუქტურების გამართული ფუნციონირებისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლო სამართალწარმოების სრულად დასრულებამდე, ა(ა)იპ ერთობა 2013-ში გაერთიანებულ მეტროპოლიტენის ელმატარებელების მემანქანეებს შეეზღუდოთ სამუშაო საათებში (მათ ცვლაში) ა(ა)იპ ერთობა 2013-ის მიერ დეკლარირებულ გაფიცვაში გაფიცვის უფლებით სარგებლობა,” – ნათქვამია განჩინებაში.
საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლით გარანტირებულია დასაქმებულის უფლება – მონაწილეობა მიიღოს იმ პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში, რომელშიც ის გაერთიანებულია კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით. რაც ასევე უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით და განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან ერთად, როგორც სოციალური ხასიათის უფლება. აღნიშნული უფლება ასევე გარანტირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87-ე კონვენციით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტით, ევროპის სოციალური ქარტით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 11-ე მუხლით.
გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, თუმცა მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი განჩინებაში ამბობს, რომ აღნიშნული უფლება არ არის აბსოლიტური და ის შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს გათავლისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნლი, უშუშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინეტესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად.
საქართველოს შრომის კოდექსის გარდამავალი დებულებებით, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვვის მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განესაზღვრა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ პროფესიათა ნუსხა, რომელთაც ეკრძალებათ გაფიცვის უფლებით სარგებლობა, რაც 06.12.2013 წლის N01-43/ნ ბრაძანებით განისაზღვრა.
“უდავოა, რომ ა(ა)იპ ერთობა 2013-ში დასაქმებული პროფკავშირის წევრები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და არც აღნიშნინულ პროფკავშირებში გაერთიანებული ელ-მატარებლების მემანქანეები არ არიან საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 06.12.2013 წლის N01-43/ნ ბრაძანებით განსაზღვრულ ჩამონათვალში, ასევე უდავოა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს სარკინიგზო მუნიციპალურ მიწისქვეშა ტრანსპორტს, რომელიც მოიცავს დედაქალაქის თითქმის ყველა უბანს და დღის განმავლობაში გადაჰყავს დაახლოებით 400 000-მდე მგზავრი.
ასევე უდავოა, რომ საქასტატის უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 3 700 000-მდე ადამიანი, რომელთაგან თბილისში ცხოვრობს დაახლოებით 2 000 000-მდე ადამიანი, რომელსაც უნდა დაემატოს ტურისტულ სეზონზე საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები.
ასევე უდავოა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა დედაქალაქში განთავსებულია აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა საკვანძო შტო და სასამართლო ხელისუფლების სამი ინსტანცია.
ასევე უდავოა, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გთვალისწინებული სტრუქტურები უზრუნველყოფილნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურეობრივი დანიშნულების ავტომობიბლებით, რომლითაც ახორციელებენ მათზედ დაკისრებულ სასიცოცხლო ფუნქციების განხორციელებას. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეები, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები, სამსახურში მისასვლელად სარგებლობენ პირადი ავტომობილებით, მუნუციპალური დანიშნულების ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით და საზოგადოებრივი მიწისზედა ტრანპორტით,” – ამბობს მოსამართლე განჩინებაში.
მოსამართლემ გაიზიარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობა 2013-ში გაერთიანებულ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 80%-ის გაფიცვის უფლების ნაწილობრივი შეზღუდვის გარეშე მეტროპოლიტენში დარჩენილი 20% ელ-მატარებელბის მემანქანეების ჩანაცვლებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მიწისქვეშა სალიანდაგო, მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება, რაც გამოიწვევს მეტროპოლიტენის სრულ პარალიზებას და თბილისის მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს. რასაც ადგილი ჰქონდა წარსულში საავარიო სიტუაციებში მეტროპოლიტენის დროებით შეჩერების პერიოდში:
“ვინაიდან მიწისზედა მუნიციპალური ტრანსპორტით შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს მეტროპოლიტენის გამართულად ფუნქციონირების პირობებში მხოლოდ 350 000 მგზავრის გადაყვანა, მათ შორის ადამინის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და უშუშროებაზე პასუხისმგებელი პირების. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ ერთობა 2013-ის მიერ დეკლარირებული გაფიცვა შესაძლოა ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ტაქსით) გადაადგილების შემთხვევაში ქვეყანაში შექმინილი ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და დასაქმებულთა ხელფასებიდან გამომდინარე ფაქტიურად შეუძლებელია. რის გამოც ერთმანეთს შესაძლებელია დაუპირისპირდეს 170 მემანქანის გარანტირებული გაფიცვის უფლების რეალიზაცია, მეორე მხრივ, თბილისში მაცხოვრებელ 2 000 000-მდე ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით გარანტიტებული უფლებების რეალიზაციას, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას.”
მოსამართლე განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაბალანსებულ უნდა იქნეს, ერთი მხრივ, პროფესიულ კავშირებში გაერთიანებისა და გაფიცვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება, რის გამოც ა(ა)იპ ერთობა 2013-ში გაერთიანებულ, მხოლოდ ელ-მეტარებლების მემანქანეებს ნაწილობრივ უნდა შეეზღუდოთ და არა აეკრძალოთ უფლება – მონაწილეობა მიიღონ პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში, მხოლოდ მათი სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ.
“გასათვალისწინებელია, რომ ელ-მატარებლის მემანქანეები წარმოადგენენ ცვლებში მომუშავეებს და თითოეულის სამუშაო საათები განსხვავდება ერთმანეთისაგან, რა დროსაც ელ-მატარებვლის მემანქანეები შეძლეებენ პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებას, გარდა მათი სამუშაო საათებისა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მეტროპოლიტენის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება და თბილისში მცხოვრებთა უსაფრთხოება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, რის გამოც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაფიცვის უფლება ნაწილობრივ უნდა შეეზღუდოს ელ-მატერებლების მემანქანეებს (სამუშაო საათებში), ხოლო პროფკავშირების დანარჩენი წევრები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ა(ა)იპ ერთობა 2013-ის მიერ დეკლარირებულ გაფიცვაში,” – განმარტავს გიორგი გოგიჩაშვილი.
რაც შეეხება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, გადაუდებელ აუცილებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაფიცვის უფლება თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი განჩინებით უკვე გადაიდო 3 მაისიდან 30 კალენდარული დღის ვადით და აღნიშნული განჩინება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ჯერ არ ამოწურულა განჩინების მოქმედების ვადა, აღნიშნული განჩინება ა(ა)იპ ერთობა 2013-ის მიერ გასაჩივრებულია ზემდგომ სასამართლოში, რის გამოც, მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი შიშობს, რომ არსებობს ალბათობა საჩივრის დაკმაყოფილების და განჩინების გაუქმების შემთხვევაში მეტროპოლიტენის პარალიზების.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, მეტროს თანამშრომლები 3 ივნისს მაინც გაიფიცებიან
როგორც ნეტგაზეთს ერთბა 2013-ში განუცხადეს, მეტროს მემანქანეები არ აპირებენ, დაემორჩილონ პირველი ინსტანციის სასამართოს უსამართლო გადაწყვეყილებას, რომლითაც მეტროს მუშაკებს გაფიცვა შეუზღუდა განუსაზღვრელი ვადით.
EMC-ის მიაჩნია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინებითვე სასამართლო უდავოდ (დადგენილად) მიიჩნევს იმ გარემოებებს, რაც გაფიცვის კანონიერად მიჩნევისათვის არის მნიშვნელოვანი. EMC სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, დღეს, 22 მაისს, 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან აქციას გამართავენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115. ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მოთხოვნების მიმართ.