მოსკოვის გამზრიზე მოწყობილ თავშესაფარში ღამით მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაათია, თუმცა დილიდან ამ დრომდე (11:00) თავშესაფარს კიდევ ხუთმა მოქალაქემ მიაკითხა.
ბესო ალოევი, რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში რამდენიმე წელი არალეგალურად ცხოვრობდა. 2 წლის წინ საქართველოში დეპორტით მოუწია დაბრუნება.
“ეს 2 წელი ღამე თითქმის სულ გარეთ მძინავს, ეს ყინვები რომ დაიწყო, კლასელთან ვრჩები. ერთოთახიანი ბინა გვქონდა თბილისში, მაგრამ დედა გარდამეცვალა რამდენიმე წლის წინ, ხარჯები მქონდა და გავყიდე. ახლობელმა რუსეთში წამიყვანა და მერე იქიდანაც გამომაგდეს. ჰოდა, ამ დილით ტელევიზიით ვნახე, რომ გაიხსნა თავშესაფარი და გამოვიქეცი,”- ამბობს ალოევი.
თავშესაფარში ამ ეტაპზე ყველა მსურველს იღებენ.
თავშესაფრისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ხუთი საცხოვრებელი და ერთი სასადილო კარავი დგას. თითოეულ კარავში ექვსი ორსართულიანი საწოლი და შეშის ღუმელი დგას. ამ დროისთვის კარვებში არ არის ელექტროენერგია.
როგორც იქვე მყოფი, თავშესაფრის მოწყობაში ჩართული სამინისტროების წარმომადგენლები აცხადებენ, ელექტროენერგიით, სველი წერტილებით, სამედიცინო პუნქტითა და საკვებით უზრუნველყოფა უმოკლეს ვადებში მოხდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა დღეს იმართება.
თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, მთავრობის კანცელარია. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).