ახალი ამბები

უსუფაშვილი: მეორედ მივიღეთ ბიუჯეტი უმცირესობის გარეშე, ეს კარგი არ არის

11 დეკემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: მეორედ მივიღეთ ბიუჯეტი უმცირესობის გარეშე, ეს კარგი არ არის

“დიახ, ჩემი ამოცანაა, რომ საპარლამენტო უმცირესობის სექტორი იყოს სავსე. ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტი პარლამენტს გავდეს. უკვე მეორე ბიუჯეტი დავამტკიცეთ, როცა პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობა ვართ. არ არის ეს კარგი ამბავი, ვინც არ უნდა იყოს უმცირესობა. “


ამასთან, დავით უსუფაშვილი სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.


„პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი ჩვენ შეგვიძლია, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად გავამართლოთ, რომ სხვა პარლამენტებშიც ხდება, ან უარესები ხდება, ჩვენთანაც მომხდარა. მაგრამ, მგონი, ეს არ არის სწორი მიდგომა, რომ რა ვქნათ, ასე ხდება ხოლმე. მე პირადად ყველნაირად შევეცდები, რომ აღარ მოხდეს ასეთი რამ,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ რეგლამენტით გათვალისწინებული ზომები არ იქნება გატარებული:

 

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ მივიღო ისეთი ზომები, რაც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, იმიტომ, რომ მანდატურებს ისედაც საკმაოდ დიდი ზარალი მიადგათ. მადლობა, რომ თქვენი მოვალეობის შესრულება მაქსიმალურად სცადეთ. არიან დაზიანებული და  მე იმედი მაქვს, სათანადო ყურადღებას მივაქცევთ. არ შეიძლება, არ გვეკადრება არავის ამ ტიპის მოვლენა და ამ თემაზე საუბარი.  ხვალ მექნება საუბარი ფრაქციების ხელმძღვანელებთან და ყველასთან, ვისთანაც საჭიროა, რომ როგორმე მოხერხდეს ყველაფრის ისე გაკეთება, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე.” 

 

მისივე მოსაზრებით, პარლამენტში დისკუსიასა და ტონზე ცენზურა ვერ დაწესდება, მაგრამ საპასუხო რეაქციასაც მხარეები მოთმინებით უნდა შეხვდნენ:

 

“ამასობაში ეს არის პარლამენტი და აქ ვერ დავაწესებთ ცენზურას, გამოსვლა და სიტყვის თავისუფლება თუ სადმე უნდა ყვაოდეს, ეს არის პარლამენტი. მათ შორის ტონალობა, მათ შორის ინტონაცია, მათ შორის გამონათქვამები, ეს ასეა და ასე იქნება , მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ მაშინ სხვისი მხრიდან ასევე მკვეთრად და მკაფიოდ წარმოჩენილ რაღაცას სათანადოდ მოთმინებით შევხვდეთ ყველანი, მაგრამ არის ზღვარი კიდე, რომლის იქეთ წესების დაცვა შეუძლებელია.”

 

მან ასევე დეპუტატებს მოუწოდა, რომ თუ რომელიმესთვის ფიზიკური დაპირისპირება მისაღებია, ამაზე ხმამაღლა განაცხადონ:

 

„ფიზიკური შეხება თუ რაიმეთი მართლდება და ვინმე თვლით, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არა უშავს, ეს შეიძლება მოხდეს, მაშინ გთხოვთ, რომ ამის თაობაზე ხმამაღლა გავაკეთოთ განცხადება, რომ დიახ, მე, პარლამენტის წევრი ვთვლი, რომ თუ პარლამენტის დარბაზში კამათისას მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ვიღაცას ფიზიკურად უნდა შევეხო, ვთვლი, რომ ეს სწორია. მაშინ გავაკეთოთ ეს განცხადება ყველამ, რომ ვიცოდეთ, ვისგან რას უნდა ველოდოთ. ეს არ ეხება მხოლოდ უმრავლესობას, უმცირესობასთან გავაგრძელებ იგივეზე საუბარს.”

 

“ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა საპარლამეტნო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს მიმართა, რასაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი