საქართველოს პროკურატურა ადასტურებს ორგანიზაციაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს, თუმცა უარყოფს თანამშრომლებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს.
“მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი შეხვდა პროკურატურის ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის გაიმართა ღია საუბარი, რომელზეც განხილულ იქნა სამომავლო ხედვა, გეგმები და შესაძლო საკადრო გადაადგილებები. ნაწილ თანამშრომელთა მიმართ განხორციელდა საკადრო როტაცია, ხოლო ხელმძღვანელი პირების ნაწილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების შესახებ.
რაც შეეხება ბრალდებას ა. კბილაშვილის მთავარი პროკურორად საქმიანობის პერიოდში დანიშნულ პროკურორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამჟამად სისტემაში საქმიანობას აგრძელებს 179 პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ახალი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ იმ კადრებს, ვინც არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაინიშნენ, პოსტებს ატოვებინებენ.
“საიას მომართა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის რამდნეიმე პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვეს. ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არც ერთ მათგანს არ განუმარტავდნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად ათავსიუფლებენ იმ პირებს, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დროს დაინიშნენ თანამდებობებზე. ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილეს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც. მაგალითად, მადონა ღიბრაძე გენერალური ინსპექციის უფროსი, ლევან გზირიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ხათუნა კალანდაძე – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეკატერინე ებანოიძე – საფინანსო სამმართველოს უფროსი, კახა წერეთელი – შსს- ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი და ა.შ. მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები ქვედა რგოლებშიც აქტიურად ხორციელდება. აღსანისნავია ერთ–ერთი სამმართველოს უფროსის ლევან ბუაძის შემთხვევა. ჩვენი ინფორმაციით, მას ასევე მოსთხოვეს განცხადების დაწერა, რაზეც უარი განაცხადა. დაძაბულ საუბარს მოჰყვა მისი ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესება, რის შემდეგაც პროკურატურაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ პრესკონფერენციაზე.