“გუშინ ადგილობრივი თვითმმართველობს კოდექსმა, რომელიც არის ხელისუფლების მიერ შემუშავებული, კომიტეტებზე განხილვისას განიცადა იმდენი შესწორება, რომ ამის მიხედვით თვითმმართველობაზე ფაქტიურად ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ ამ ხნის მანძილზე პარალელურად ვაწარმოებდით მუნიციპალიტეტებთან შეხვედრებს, ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა საინიციატივო ხელმოწერები, 30 000 კაცის ხელმოწერა საქართველოს მასშტაბით, და დღეს საღამოს გვინდა უკვე ეს ხელმოწერები პარლამენტში შევიტანოთ. ამით გვინდა შევუწყოთ ხელი იმ გუნდს, ვინც მუშაობს პარლამენტში ამ საკითხზე, რომ წარმოადგინონ რეალური თვითმმართველობა”, – აცხადებს მამუკა აბულაძე.
ადგილობრივი თვითმმერთველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ასოციაციის მიერ შემუშავებული პროექტი განსხვავებულია და მუნიციპალიტეტების დაშლის ნაცვლად რეალურ დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს:
“მათი რეფორმის შინაარსი იყო ტერიტორიული ცვლილებები და არა დეცენტრალიზაცია, რასაც გვპირდებოდნენ. ტერიტორიული ცვლილებები იყო სრულიად დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი და ეს პარლამენტმა პრაქტიკულად არ მიიღო. ჩვენი პროექტით დეცენტრალიზაციის პროცესი არის ძალიან ღრმად გააზრებული, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების გადაცემა თვითმმართველი ერთეულისათვის, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლებებს სფეროში საპატრულო პოლიციის მართვა იქნება დელეგირებული თვითმმართველი ერთეულებისათვის. მოხდება კომუნალური მომსახურების სფეროს დეცენტრალიზაცია, დენი, წყალი, გაზი, ამ მომსახურებების ორგანიზატორი გახდება ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ეს არის ევროპის კონტინენტზე უმრავლეს ქვეყნებში”, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ალტერნატიული პროექტი გულისხმობს თემის საბჭოების შექმნაs და სოფლის ადმინისტრაცია იქნება ანგარიშვალდებული ამ თემის საბჭოს წინაშე:
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული განმასხვავებელი ნიშნები იმ კოდექსთან შედარებით. ჩვენი კოდექსი არის მომზადებული ადგილობრივი თვითმმართველობის საჭიროებების შესაბამისად და ასახავს იმ ამოცანებს და გამოწვევებს, რაც დღეს დგას თვითმმართველობის სისტემის წინაშე” – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.