საბერძნეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული. საქართველოს შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ საბერძნეთის ტერიტორიაზე 100-მდე დანაშაულის ჩადენა, მათ შორის: ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში ევროპაში დაკავებულ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ნოდარ შუკაკიძესთან, იგივე ნოდარ გლდანსკისთან.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციის მიერ მიმდინარე წლის 21 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან – ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად გააგრძელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com