საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხეყრუში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, “პალიასტომი 1” და “პალიასტომი 2”, აღდგა 110-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი “ანასეული” და 220-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი “აჭარა”.
აჭარის გადამცემი ხაზით ხორციელდება თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა დენის იმპორტი შეზღუდულად ხორციელდება. რატომ ვერ ხერხდება იმპორტირებული ელექტროენერგიით ბათუმისა და აჭარის მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტ რეჟიმში მომარაგება უამინდობის დროს? – ამ კითხვაზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პასუხი ასეთია:
“ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად არ დავტვირთოთ, რადგან არ გვინდა, რომ ეს ხაზები დაზიანდეს ამ დიდთოვლობის პერიოდში. თურქეთი იმიტომ არ გვაწვდის სრულად, რომ იქაც ცუდი ამინდებია.”
ილია ელოშვილის თქმით, ბათუმის მოსახლეობის 20% ექცევა გრაფიკის ქვეშ: “პერიოდულად ვაწვდით გრაფიკით დენს უბნებს. მონაცვლეობით ხდება უბნების ჩართვა”.
ბათუმში მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია ზუსტი გრაფიკის შესახებ, თუ რომელი უბანი დღის რომელ მონაკვეთში მიიღებს ელექტროენერგიას, გათიშვა ხდება სისტემატიურად და სტიქიურად, ხოლო 1.5 დღის განმავლობაში ქალაქს შუქი საერთოდ არ მიეწოდებოდა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც კი აღდგება “პალიასტომი 1”, ბათუმში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება დასრულდება.
რაც შეეხება ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებას, ილია ელოშვილი განმარტავს, რომ ეს დიდთოვლობამ განაპირობა, თუმცა, მისივე თქმით, თავის დროზე, ანუ 1980-ან წლებში სამშენებლო სამუშაოების დროს შესაძლოა დაშვებული იქნა ხარვეზები, რის გამოც დიდთოვლობას, რომელიც ოთხი დღის წინ დაიწყო აჭარაში, ვერ გაუძლო ხაზებმა:
“ჩვენი ტექნიკოსები გვეუბნებიან, რომ სადაც გაწყდა და ვერ გაუძლო ხაზებმა სიმძიმეს, გარკევულწილად, თეორიის დონეზე, შესაძლოა, იკვეთება ის, რომ თავის დროზე არ იქნა სწორად შესრულებული სამშენებლო სამუშაოები.”
გადამცემი ხაზები “სახელმწიფო ელექტროსისტემის” საკუთრებაშია. ილია ელოშვილის თქმით, “სახელმწიფო ელექტროსისტემა” სარეაბილიტაციო და საექსპლოატაციო სამუშაოებს აღნიშნულ ხაზებზე მუდმივად ახორციელებს, თუმცა არ აკონკრეტებს ბოლოს როდის ჩატარდა “პალიასტომი 1” და “პალიასტომი 2” ხაზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები:
“მუდმივად ხდება ხაზების შემოვლა, თუკი შეინიშნება რაიმე დაზიანება, ადგილზე უკეთდება რეაბილიტაცია”, – აცხადებს ის.
“საქართველოს ელექტროსისტემაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ხაზების დაზიანების მიზეზი დიდთოვლობა გახდა.
“პალიასტომი 1″–სა და “პალიასტომი 2″–ზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში სპეცეტქნიკით მუშაობენ “ელექტროსისტემის” ბრიგადები. ხაზები ნაწილობრივ აღდგა, ისევ დაზიანდა. როდის აღდგება სრულად, ზუსტ თარიღს და დროს ვერ ვასახელებთ. სპეცტექნიკა ადგილზე მისულია. დიდთოვლობის გამო ხილვადობა ცუდია”.
აჭარის რეგიონი ელექტროენერგიით 6 გადამცემი ხაზით მარაგდება, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ორი ხაზი მუშაობს, ისიც არასრული დატვირთვით.
ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 22 ათასი აბონენტია გათიშული. აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის შედეგად წაქცეული და მწყობრიდან გამოსულია ხუთი ანძა.
“იქ პასუხისმგებლობა სამუშაოებზე ეკისრება „ენერგო პროს“. დღეს ჩამოდის ერთი ანძა, ხვალ -მეორე და ასე ეტეპობრივად შეიცვლება. ინტენსიური მუშაობა მიდის. ტექნიკის გადასროლა ხდება და მთავარია, იქ მისასვლელი გზები გაიწმინდოს”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
აჭარის მთავრობისა და შს სამმართველოს ცნობით, სოფელ დაგვაში არსებული მაღალი ძაბვის ანძასთან მისასვლელი გზის გასაწმენდად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ბათუმში მსგავსი ენერგოკრიზისი ბოლო 15 წლის მანძილზე არ ყოფილა.
კითხვაზე ვინ არის პასუხისმგებელი აჭარაში შექმნილ ენერგოკრიზისზე? – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე პასუხობს:
“პასუხისმგებელი არის სტიქია. კითხეთ ადგილობრივებს – რამდენი წელია ასეთი თოვლი არ ყოფილა?! ადამიანებო, სტიქიაა, გაიგეთ! ნიუ იორკში ითიშება შუქი”.