ახალი ამბები

ახალციხეში თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური გაიხსნა

11 დეკემბერი, 2013 •
ახალციხეში თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური გაიხსნა

ქვესადგური წარმოადგენს შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ნაწილს, რომელიც სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და მისი შვილობილი კომპანიის “ენერგოტრანსის” მიერ განხორციელდა. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა.

დანერგილი ტექნოლოგიები საქართველოს ენერგოსისტემას საშუალებას მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი, როგორც თურქეთში, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებში.

ელექტროგადამცემი ხაზის გახსნას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში, EBRD-ის წარმომადგენელი, KFW – დირექტორი, საქართველოს ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვან ელი, სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ელექტროგადამცემი ხაზის გახსნა მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკული განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.

“ამ პროექტის მნიშვნელობაზე მისი დამფინანსებლების ჩამოთვლაც საკმარისია. პროექტის დაფინანსებაში ევროკავშირთან ერთად ჩართული არიან ისეთი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი. პროექტის დაფინანსებაში თავისი წვლილი შეაქვს ასევე საქართველოს მთავრობას.

ჩვენ საშუალება მოგვეცემა ზაფხულის პერიოდში ნამეტი ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტი მოვახდინოთ, როდესაც დასრულდება საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი მშენებარე ხაზი. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდება ელექტროენერგიის კარგვა. დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები საქართველოს ენერგოსისტემას საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტ–იმპორტი და ტრანზიტი როგორც თურქეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში.

გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის გახსნას, მადლობას მოვახსენებ დამფინანსებლებს, მშენებლებს, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო იქნება საიმედო პარტნიორი და მჯერა, რომ ჩვენ, საერთო ძალისხმევით, კიდევ მრავალ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტს განვახორციელებთ”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი