ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უსახლკაროთა დასახმარებლად სამი სახის გეგმა შემუშავდა:
“შემუშავებული იქნა სამი სახის გეგმა- სწრაფი შედეგის მისაღები, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივი შედეგის მისაღები. ამოცანა დღეისთვის სწრაფი შედეგის მისაღებად არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ჭერი არ აქვთ თავს ზემოთ, გადავარჩინოთ გაყინვისაგან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”, – განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, დროებით თავშესაფარაში უსახლკაროებს უზრუნველყოფენ ცხელი საკვებით და სამედიცინო მეთვალყურეობით.
როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, დედაქალაქში ასეთი დაახლოებით 300 ადამიანია:
“მოხდება შესაბამისი ტერიტორიის მოძიება, სადაც რამდენიმე ვაგონი და კარვები უნდა განთავსდეს იმისათვის, რომ იქ მოეწყოს სასწრაფოდ, გადაუდებლად ადამიანის საცხოვრისები. ეს იმ კატეგორიის ადამიანები არიან, რომლებსაც უწევთ ღამის გათევა გარეთ. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის მოხდება ცხელი საკებით უზრუნველყოფა, სხვა იმ პირობების მოწესრიგება, რაც ამ ადამიანებისთვის არის აუცილებელი. წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქის ტერიტორიაზე უნდა იყოს ასეთი 300–მდე ადამიანი. გარდა დედაქალაქისა- ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში დამატებით ვახდენთ ინფორმაციის მოძიებას”, – განაცხადა ნარმანიამ.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც პრემიერ–მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, შედიან საქართველოს ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.