ახალი ამბები

ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

10 დეკემბერი, 2013 •
ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

“დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ განცხადება დავწერე 16 დეკემბრიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც მინისტრმა დამიკმაყოფილა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ეკა გულუამ.

 

მისი თქმით, ამის მიზეზი სამინისტროში არსებული დაძაბული სამუშაო გრაფიკი გახდა:

 

“მჭირდება მეტი დრო და ისეთი სამსახური, რომელიც შესაძლებლობას მომცემს, ბავშვებს მეტი დრო დავუთმო, ანუ სამსახური, სადაც ადამიანური და ჩემთვის მისაღები გრაფიკი იქნება. სამინისტროში კი ძალიან ბევრი საქმეა, პრობლემები ბევრია, დატვირთული რეჟიმია და ვინც იქ მუშაობს, ყველას არანორმალურად უწევს შრომა”.

 

ეკა გულუა ამბობს, რომ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას:

 

“ამ ეტაპზე მედიაში დაბრუნების თემა, ალბათ, არ გამოვა. მერე ვნახოთ, არაფერია გამორიცხული. სამომავლოდ კი ცოტა უფრო სერიოზულ რამეს ვგეგმავ. ცენტრის შექმნას ვაპირებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომელიც ისევ და ისევ მედიასთან იქნება დაკავშირებული”.


ეკა გულუას თქმით, ლტოლვილთა სამინისტროს მედიასთან კომუნიკაციას მინისტრის მრჩეველი კურირებს.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის პოზიცია დატოვა ხათუნა პაიჭაძემ, თუმცა აღნიშნულ უწყებაში მანამდე შეიცვალა ხელმძღვანელი პირი, რასაც მოჰყვა ეს ცვლილებაც.


ეკა გულუა წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის პოზიციაზე და ეს თანამდებობა შეინარჩუნა მინისტრის პოსტზე დავით დარახველიძის დანიშვნის შემდეგაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი