მინისტრი დიდი ხურვალეთის, დიცის, დვანის, ერგნეთის და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა, არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათგან მავთულხლართების ფიქსაციით გამოწვეული სირთულეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
“ალექსანდრე ჭიკაიძემ ადგილობრივ მოსახლეობას აცნობა, რომ ყველა არსებულ პრობლემაზე სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. სამინისტროს თანამშრომლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. მინისტრის მითითებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის რეგიონში გაძლიერდა შსს-ს ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობა. მავთულხლართების ფიქსაციის საკითხი და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სხვა პრობლემები, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ყოველთვიურ შეხვედრებზე სოფელ ერგნეთში, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აქტიურად განიხილება”, –ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ კარალეთში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზა მოინახულა და ასევე, სამინისტროს იმ ქვედანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.