აღნიშნულ პირებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ცემისთვის და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა თანამონაწილეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე, მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი. დღესვე ბრალდების მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გელა უშხვანის, სოლომონ დაშნიანის და თეიმურაზ გურეშიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ,”- წერია პროკურატურის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის 23 მაისს ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად გამოწვეული ტვინის შეშუპებით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის N14 დაწესებულებაში ქურდული წესების მიმდევარმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ, „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“, კერძოდ, შოთა სინაურიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა.