ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიის მიერ ლაშა ბაქრაძის საოჯახო ფოტოს გავრცელებაზე მოსაზრება გამოაქვეყნა

10 დეკემბერი, 2013 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიის მიერ ლაშა ბაქრაძის საოჯახო ფოტოს გავრცელებაზე მოსაზრება გამოაქვეყნა

საქმე ეხება, ბაქრაძის მიერ სექტემბრის თვეში ფეისბუკის პირად გვერდზე ატვირთულ ფოტოს, რომელიც ზემოხსენებულმა ვებგვერდებმა თავიანთ ვებგვერდებზე გამოაქვეყნეს სხვადასხვა სათაურით. 

 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა მოქალაქეთა ჯგუფმა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ვებ გვერდებმა primetimenews.ge, news.ge და ambebi.ge ლაშა ბაქრაძის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს გავრცელებითა და ამ მასალისთვის შერჩეული სათაურით დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული საქმიანობის სტანდარტები. წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვოდა შესაბამისი ბმულები, სადაც შეიძლებოდა სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ნახვა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ლაშა ბაქრაძის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებული ოჯახური ფოტო, არ წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და მისი გავრცელება ნიუსის სახით ემსახურებოდა მხოლოდ ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ვინაიდან სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორები არ წარმოადგენენ ქარტიის ხელმომწერ პირებს, ქარტიის საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განცხადება განეხილა საქმის წარმოების წესის შესაბამისად”, – ნათქვამია ეთიკის საბჭოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ვინაიდან საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება მიიჩნიეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ფაქტად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს მოსაზრებები:

 

“1. საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო პუბლიკაციებში ჟურნალისტებმა დაარღვიეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მაშინ როდესაც არ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ლაშა ბაქრაძის მეუღლისა და ვაჟის ფოტო არ შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი ინტერესის საგანს. პირადი ცხოვრებით დაინტერესება მედიის მხრიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, ეს კი მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა.

 

2. ჟურნალისტებს უნდა გაეთვალისწინებინათ ყველა რისკი, რაც თან ახლავს მსგავსი ინტიმური შინაარსის საოჯახო ფოტოების არაადეკვატური, უხამსი დასათაურებით გამოქვეყნებას. მით უმეტეს, რომ ფოტოს ერთ-ერთი პერსონაჟი ბავშვია”, – აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქრტიის საბჭოში

 

3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ვებ გვერდების primetimenews.ge, news.ge და ambebi.ge რედაქციებს, მათი ვებგვერდებიდან აიღონ მასალა, სადაც ლაშა ბაქრაძის საოჯახო ფოტოა ან მასზე გადასასვლელი ბმული და, შესაძლებლობის ფარგლებში, გულდასმით ეცადონ, ეს ფოტო ინტერნეტის საძიებო სისტემებით არ იძებნებოდეს”, – ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს განცხადებაში.

 

ამ დროისთვის ზემოხსენებული ნიუსი და ფოტო კვლავ იძებნება news.ge-ს ვებგვერდზე, primetimenews.ge-ს ვებგვერდზე იძებნება მხოლოდ ნიუსი ფოტოს გარეშე, ხოლო amebebi.ge-ს ვებგვერდზე წაშლილია როგორც ფოტო ასევე ნიუსიც.

 

ნეტგაზეთი დაინტერესდა ზემოხსენებული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოსაზრებებით ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოავქყნეს მათ ლაშა ბაქრაძის მიერ ფეისბუკზე ატვირთული ფოტო.

 

“ქარტიის ამ განცხადებაში არის ასეთი ტექსტი, რომ არ იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ამის გამო არ უნდა გამოქვეყნებულიყო ფოტო. ამ ნაწილში ქარტიას არ ვეთანხმებით, ვინაიდან ფოტომ გამოიწვია ძალიან დიდი რეზონანსი”, – ამბობს ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი და დასძენს, რომ ბაქრაძე საჯარო პირია, ხოლო ფეისბუკის საჯარო სივრცედ აღიარება – არ აღიარების შესახებ დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა და როგორც არგუმენტების ასევე კონტრარგუმენტების დასახელება შეიძლება. 

 

კთხვას, ეს ნიშნავს, რომ ამ ლოგიკით მედიასაშუალებებმა ბაქრაძის ყველა საოჯახო ფოტო უნდა გამოაქვეყნონ, იგი პასუხობს, რომ მისი აზრით, ეს ფოტო და პოსტი საოჯახო შინაარსის არ იყო:

 

“თვითონ ლაშა ბაქრაძის მიერ ფოტოზე თანდართული ტექსტი იყო ერთგვარი პროტესტის შემცველი, ასე ვთქვათ საპროტესტო პოსტი, რომელიც გამოხატა ამ ფორმით. ის ტექსტი შეიცავდა პროტესტს, ჩვენი აზრით, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ არ იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ ფოტოს და ბაქრაძის ქმედების მიმართ. ამის მიუხედავად გავითვალისწინეთ ქარტიის რეკომენდაცია და ამ წუთისთვის ჩვენს არქივში ეს მასალა გათიშულია და არც სამომავლოდ ჩაირთვება”,  – აცხადებს ambebi.ge-ს მთავარი რეაქტორი გიორგი გიორგაშვილი.

 

ნეტგაზეთის კთხვას, სთხოვეს თუ არა რედაქციის ჟურნალისტებმა ბაქრაძეს ნებართვა მანამ, სანამ ზემოხსენებულ ფოტოს ფეისბუკზე მისი პირადი გვერდიდან აიღებდნენ და საიტზე გამოაქვეყნებდნენ, ambebi.ge–ს რედატორი პასუხობს, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს, რადგან ზემოხსენებულ საინფორმაციო პორტალზე მუშაობა ახალი დაწყებული აქვს.

 

ხოლო კითხვას, თუ ეს ფოტო და და ტექსტი ამბები.გე–მ საპროტესტო პოსტად მიიჩნია და ამ მიზნით დაგეგმა მისი ტირაჟირება, რატომ გადაწყვიტა მისი ასეთი ფორმით დასათაურება [რაც ქარტიამ არაადეკვატურად მიიჩნია] და რატომ არ მოხდა სათაურში ან ნიუსის ლიდში “საპროტესტო მუხტზე” ხაზგასმა, იგი პასუხობს:

 

“სათაურში ეწერა ის, რაც იყო ფაქტი, ხოლო ფოტოს თანდართული ჰქონდა თავად ლაშას ტექსტი და შინაარსი იკთხებოდა…. ანუ ფოტო რატომ გამოქვეყნდა, მკითხველისთვის ამის მიზეზი ლაშას ტექსტიდანვე ხდებოდა ცნობილი”, – ამბობს გიორგი გიორგაშვილი.

 

“ჩვენ ქარტიის წევრები საერთოდ არ ვართ, არც ეს განცხადება მინახავს, მაგრამ ვიცით, რომ რეკომენდაცია არის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ქარტიის წევრები არ არიან, რომ აიღონ ეს ფოტო. ჩვენ ეს ფოტო [ნიუსში] თავიდანვე არ გვქონია გამოყენებული მთავარ ფოტოდ, გამოყენებული იყო [ნიუსში], მაგრამ არა მთავარ ფოტოდ. შემდეგ ჩვენ მალევე ავიღეთ ეს ფოტო. ამიტომ, ახლა რასაც ქარტია ამბობს ჩვენ აღარ გვეხება, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვიდევს ფოტო. ამ ნიუსს მთავარ ფოტოდ თავიდანვე ლაშა ბაქრაძის ფოტო ედო”, – აცხადებს სააგენტო primetimenews.ge–ს რედაქტორი ნანა შონია, რომელიც არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაე, რომ სააგენტოს ჟურნალისტმა მასალის გამოქვეყნებისას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია:

 

“ჩვენ [სააგენტო] არ ვყოფილვართ ქარტიის წევრი არასდროს და თავიდანვე ვთვლიდით, რომ შენიშვნა, რომელიც ჩვენი მისამართით გამოითქვა იყო არასწორი, თუმცა ვართ მზად იმისათვის, რომ შენიშვნები გავიზიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ წევრები არ ვართ და მანამდე, ამ განცხადებამდე დიდი ხნით ადრე გვქონდა ეს ფოტო აღებული საიტიდან”.

 

რაც შეეხება news.ge-ს, ნეტგაზეთი მის რედაქტორ მარიკა ბოჭორიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო კომენტარზე უარი თქვა და გვითხრა, რომ რედაქციის პოზიციას წერილობით გადმოგვიგზავნიდა:

 

“News.ge სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტო და ტექსტურ სტატუსებს სისტემატურად აქვეყნებს საიტზე რუბრიკაში “სოციალური მედია”. ამით ჩვენ ვცდილობთ, სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკუსიებში ჩავრთოთ ისინიც, ვინც არ არის აქტიური ინტერნეტში. რაც შეეხება, კონკრეტულად, პუბლიცისტ ლაშა ბაქრაძის მეუღლისა და შვილის ფოტოს, ის დღესაც დევს ჩვენს საიტზე და მიგვაჩნია, რომ არაფერი არაესთეტიური, არც ფოტოში და არც მის გამოქვეყნებაში, არ არის. ის, რომ ფოტოზე ასახულია ბავშვიც, არ ცვლის ფოტოს ესთეტიურ ღირებულებას, პირიქით, აძლიერებს მას. ლაშა ბაქრაძეს “ფეისბუქის” საკუთარი გვერდი იმ პერიოდში, როდესაც მან აღნიშნული ფოტო გამოაქვეყნა, ყველასათვის ღია ჰქონდა და მან თავად მიიღო გადაწყვეტილება გამოექვეყნებინა მსგავსი შინაარსის ფოტო. შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელები სოციალური მედიის სტატუსით სარგებლობს. ანუ, ბაქრაძემ აღნიშნული ფოტო, სოციალური მედიის საშუალებით, თავად გაუზიარა საზოგადოებას”, –ნათქვამია news.ge-ს რედაქციის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი