ახალი ამბები

დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს აფასებენ

10 დეკემბერი, 2013 •
დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს აფასებენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ომბუდსმენის ანგარიშში ნახსენებ ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერებასა და რელიგიურ შეუწყნარებლობაზე საუბრისას აცხადებს, რომ ომბუდსმენი პროცესებს უკან მისდევს და ისეთ რამეებს ამბობს, რაც ისედაც ნათელია:

 

„მისი მოთხოვნა კომისიების შექმნის თაობაზე სწორედ იმის დადასტურებაა, რომ სურს პასუხისმგებლობა აირიდოს და გარკვეულ კომისიაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა. ომბუდსმენი ძალიან სერიოზული ინსტიტუტია, მას კანონით აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებები მინიჭებული. ის არ ასრულებს, ფაქტობრივად, თავის უფლებამოვალეობას და არ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომელმაც წარადგინა, ამაშია პრობლემა. მეტიც, ის თავისსავე თანამშრომლებთან მიმართებაში არ იყო კორექტული. ეს აჩვენებს სწორედ მის არაფუნქციურ მიდგომებს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.“

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ საქმე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან გვაქვს და ხელისუფლება ვალდებულია ეს კრიტიკულად განიხილოს:

 

„რაც შეეხება ციხის ავტორიტეტების თემას და იგივე რელიგიური შეუწყნარებლობის თემას, მე არ ვეთანხმები, პრინციპში. შეიძლება რაღაც გამოვლინებები იყო, მაგრამ ამის შესწავლა უფრო ღრმად არის საჭირო, რათა კომპლექსური მიდგომის სტრატეგია შევიმუშაოთ და არა ვედავოთ ერთმანეთს იმაზე, რომ ეს ასე იყო და არა. საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ახასიათებდა შეუწყნარებლობა, თუ რამე ფაქტები აქვს სახალხო დამცველს, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არ მოხდეს…“

 

„ნეტგაზეთმა“ გია ვოლსკის მოსაზრების გამოთქმა სთხოვა ჭელაში მომხდარი ინციდენტზე და რამდენიმე დღის წინ ხანუქას დღესასწაულზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც მან განაცხადა:

 

„გასაგებია, მაგრამ ცალმხრივად არ უნდა შევაფასოთ ეს სიტუაცია, იმიტომ, რომ თუკი შეუწყნარებლობის თემა არსებობს, იქ არსებობს მეორე მხარის ინტერესებიც, ამიტომ სახალხო დამცველის ვალდებულებაა საშიშროებების თემაზე ილაპარაკოს  და ჩვენი ვალდებულებაა, ეს საშიშროებები ისე დავაბალანსოთ, რომ ცალმხრივები არ ვიყოთ. ბალანსი და ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინება. ჩვენი ვალდებულებაა, ოქროს შუალედი ამოვარჩიოთ.”

 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ანგარიშში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა, ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერებაა დასახელებული. ამავე ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა რელიგიური შეუწყნარებლობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი