“110-კილოვატიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების აღმოსაფხვრელად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმყოფებოდა სამუშო ჯგუფთან ერთად, რომელიც მთელი ღამე მუშობდა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის აღსადგენად. ასევე დაზიანებულია დაბალი ძაბვის ხაზები იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში. ავარიების დროულად აღმოფხვრისთვის ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალებიდან არის გადაყვანილი.
ღამის განმავლობაში ყველა რეგიონში მიეწოდებოდა ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. იმ ადგილებზე, სადაც სარემონტო ბრიგადებმა მოახერხეს ქარბუქის და დიდთოვლობის მიუხედავად მისვლა, შესრულდა აღდგენითი სამუშოები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ადგილზე პროცესს კურირებას უწევს ენერგეტიკის სამინისტრო. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო გზებზე. გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს, საავტომობილო მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია განაცხადებაში.