ახალი ამბები

ცირამუა: როცა მოზარდს ნაწილი გმირად აღიქვამს და ნაწილი დამნაშავედ, ამით მას დიდი ზიანი ადგება

18 მაისი, 2018 • 3252
ცირამუა: როცა მოზარდს ნაწილი გმირად აღიქვამს და ნაწილი დამნაშავედ, ამით მას დიდი ზიანი ადგება

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ იმ მოზარდისთვის, რომელიც გუშინ, 17 მაისს, ლგბტ აქტივისტს თავს დაესხა, ყველაზე დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს საზოგადოების არაერთგვაროვანმა შეფასებამ.

როგორც ის ნეტგაზეთთან ინტერვიუში განმარტავს, საზოგადოებამ შეფასებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, ვინაიდან “არავის წამროუდგენია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამ მოზარდს, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი აღიქვამს როგორც გმირს, ხოლო მეორე ნაწილი, როგორც დამნაშავეს,”.

ძალიან დიდი საშიშროება დგას ამ მოზარდის წინაშე. არავის წარმოუდგენია, როგორი სერიოზული ზიანი შეიძლება მოუტანოს მოზარდს საკუთარი თავის ასეთმა ამბივალენტურმა [ერთმანეთისგან საწინააღმდეგო] აღქმამ. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა, რომ მან ხვალ იგივე აღარ ჩაიდინოს, უნდა შეიკავოს თავი. შეიძლება, მოზარდს მომავალში ძალიან ძვირად დაუჯდეს როგორც ამ საქციელის წახალისება, ასევე, მისი დემონიზირება,” – განაცხადა ფსიქოლოგმა.

მაია ცირამუას თქმით, პრობლემის სათავე შეიძლება იქ ვეძებოთ, რომ აღნიშნული მოზარდი არის არასწორად ინფორმირებული იმ საკითხების მიმართ, რის შესახებაც 17 მაისს თავისი აზრი აგრესიული ფორმითი გამოხატა.

ფსიქოლოგის თქმით, მოზარდი, დიდი ალბათობით, მოხვდება სახელმწიფოს “განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში” და მას მძიმე სასჯელს არ დააკისრებენ, ვინაიდან ქართული კანონმდებლობით საპატიმრო სასჯელი არასრულწლოვნისთვის უკიდურესი ზომაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას “თავზე ხელს გადაუსვამენ”.

“რაც უფრო მეტ წელს ატარებს არასრულწლოვანი ციხეში, მით უფრო იზრდება რისკი დანაშაულის განმეორებისა და ეს ეხება არა მხოლოდ ქართულ რეალობას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავზე ხელს გადაუსვამს და ეტყვის, რომ ამის გაკეთებისთვის ის ძალიან კარგი ბიჭია. მას დაეკისრება ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა და მიეცემა შესაძლებლობა,  გაიაზროს, თუ რა ქმედება ჩაიდინა. ამას ემსახურება განრიდებისა და მედიაციის პროგრამა და ძალიან არასწორია საზოგადოების მოსაზრება, რომ ეს არის “ზედმეტად ჰუმანური”მიდგომა და ეს გულისხმობს ბავშვისთვის თავზე ხელის გადასმას.

ემოციური თვალსაზრისით, მოზარდი ძალიან მძიმე და რთულ პროცესს გაივლის. მას ძალიან სერიოზული ბარიერების გადალახვა მოუწევს და მინდა აღვნიშნო, რომ  ყველა ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს თავზე ხელის გადასმის ტოლფასი იქნება,” – განამრტავს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის მოსაზრებით, მართალია, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პროგრამაში მოხვდება არასრულწლოვანი, თუმცა მას ექნება საშუალება, გააცნობიერეოს ის მორალური და ფიზიკური ზიანი, რაც სხვას მიადგა. ეს ემოციურად ძალიან რთულია. 

გარდა ამისა, როგორც ცირამუა გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიდგომები არასრულწლოვანთა მიმართ ეფექტურია, თუ ოჯახის მხრიდან არ ჩანს მხარდაჭერა, მოზარდი პროგრამას წარმატებით ვერ ასრულებს.

“ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ბავშვთან მიღწეულია გარკვეული შედეგი, მან პირდაპარი კომუნიკაციით დაზარალებულთან მიიღო უკვე ინფორმაცია, რა ზიანი მიადგა მას და რა პასუხისგემბლობა აკისრია მოზარდს, თუმცა ხშირად ვხედავთ, რომ ასეთივე ჩართულობა არ არის ოჯახის მხრიდან. ხშირად მინახავს, რომ ბავშვი მოტივირებულია, თუმცა მშობელს ცოტა ზერელე დამოკიდებულება აქვს. თუ მშობელი ამ დროს ბავშვს არ ეთანხმება, ამან რეცედივის რისკები შეიძლება გაზარდოს კიდეც,” – განაცხადა მაია ცირამუამ.

მისივე თქმით, მოზარდებში ასეთი საქციელს შეიძლება ისიც განაპირობებდეს, რომ თავის მხრივ, შეძლება ის ძალადობის მსხვერპლი იყოს ან მის საჭიროებებს ოჯახი სწორად ვერ იგებდეს.


ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი ბიჭი თავს დაესხა სიტყვით გამოსვლისას, გუშინ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციზე. პოლიციამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი 15 წლის არის.

“ს.კ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

გუშინ, 17 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, ხოლო არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი