ახალი ამბები

უშუქობის გამო პარალიზებული ბათუმი

10 დეკემბერი, 2013 •
უშუქობის გამო პარალიზებული ბათუმი

როგორც ნეტგაზეთს ბათუმიდან აცნობეს, საჯარო დაწესებულებების ნაწილი ამ დრომდე არ მუშაობას. პარალიზებულია სკოლები და საბავშვო ბაღები, ხოლო ბანკები შეფერხებით მუშაობენ. 

 

ამასთან, მოსახლეობის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის გაწმენდილი საავტომობილო გზების ის ნაწილი, რომელიც ქვაფენილით არის დაფარული, რაც საავტომობილო მოძრაობას უშლის ხელს. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგია არც მაღაზიებს მიეწოდება, არ მუშაობს სალარო აპარატები და სავაჭრო დაწესებულებები მოსახლეობას პროდუქტების მიყიდვაზე უარს ეუბნებიან დაჯარიმების შიშით. ამ პრობლემების თაობაზე ნეტგაზეთმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართა:

 

“პრობლემის აღმოფხვრაზე ენერგეტიკოსები მუშაობენ. საუბარი იმაზე, რომ ვინმემ ვინმეს კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია. არც არავინ დაარღვევს კანონს. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, პრობლემა ძალიან სწრაფად არმოიფხვრება და, შესაბამისად, აღდგება სავაჭრო სალარო აპარატების მუშაობაც. იქ პრობლემები კიდევ არის ელექტროზედნადებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მალე აღმოიფხვრება. ის, რომ ჩეკის გარეშე იმუშაონ [მაღაზიებმა], ეს გამორიცხულია, ამას არავინ აიღებს თავის თავზე”, – აცხადებენ უწყებაში.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, არის თუ არა რაიმე გათვალისწინებული კანონით ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როგორიც ახლა ბათუმშია შექმნილი, როდესაც მოსახლეობას მაღაზიებში პროდუქტების შეძენა უჭირს, შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი ასე პასუხობს:

 

“კანონი არ ითვალისიწნებს ასეთ განსაკუთრებულ რეგულაციებს… უბრალოდ, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი ენერგეტიკოსები ძალიან სწრაფად დაძლევენ ამ პრობლემას”.

 

მისივე თქმით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი შეუფერხელბლად მუშაობს, ხარვეზების გარეშე.

 

“სარფში არანაირი პრობლემა არ არის”.

 

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ ამ დროისთვის ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია თოვლისგან, ხოლო იქ, სადაც სამუშაოების ჩატარება ვერ მოესწრო, ტექნიკურ მარილს ყრიან. მისივე თქმით, დღეს უკვე ამინდი იძლევა იმის საშუალებას, რომ ქუჩების გაწმენდის პროცესში სპეციალური ტექნიკა ჩაერთოს და დღის განმავლობაში ქალაქის გარეუბნებშიც გაიწმინდება გზები. ანანიძის მტკიცებით, ქალაქი ჩვეულ რეჟიმს დღის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

 

“რაც შეეხება ქუჩებს, ჩვენ მაქსიმალური მობილიზება გავაკეთეთ. მთავარი ორიენტირი იყო იმ ცენტრალური ქუჩების გაწმენდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ასევე, სხვადასხვა აუცილებელ ობიექტთან მისასვლელი გზა რომ ყოფილიყო მოწესრიგებული. დაახლოებით 30–მდე ქუჩა გაიწმინდა. გუშინ პრაქტიკულად გადაუღებლად თოვდა და ხშირად უკვე გაწმენდილი ქუჩების მეორედ და მესამედ გაწმენდაც გვიხდებოდა. გარკვეული პრობლემები იყო რკინიგზის ხაზის გადასასვლელ მონაკვეთთან დაკავშირებით და იქაც ოპერატიულად ჩავრთეთ ჩვენი სამსახურები. ცალკეულ უბნებში ხელით იწმინდებოდა ტროტუარები. მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა კერძო სექტორიდანაც ხელშეკრულების საფუძველზე, რათა ზღვაში გამსვლელი არხები გაგვეწმინდა. ასევე, იყო პრობლემები ის, რომ ხეები მოიგლიჯა. ჩვენ იძულებული გავხდით, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის პროცესი შეგვეჩერებინა, რადგან გათბობის სისტემა ენერგეტიკაზეა დამოკიდებული”, – ამბობს ქალაქის მერი და დასძენს, რომ პორტს მუშაობის თვალსაზრისით პრობლემები არ შექმნია.

 

 

დიდთოვლობის გამო ამ დროისთვის ელექტროენერგია 147 ათასზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება. როგორც ნეტგაზეთს ენერგო პრო ჯორჯიას პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა ის აბონენტი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს.

 

“უამინდობა გვიშლის ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილამდე ვერ მივდივართ და ამიტომ არის, რომ დღემდე არ არის აღდგენილი. დღის განმავლობაში თუ ამინდმა არ შეგვიშლა ხელი, რაიონული ცენტრების დატვირთვა მაინც დაიწყება ეტაპობრივად. ნელ–ნელა მთელ საქართველოში”, – აცხადბენ კომპანიის პრესსამსახურში.

 

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება მთელ ბათუმს. ენერგო პრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ იქ დაზიანებულია ორი მაღალი ძაბვის ანძა: პალიასტომი 1 და პალიასტომი 2, რომლებიც სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია და კომპანია დიდწილად დმაოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მათი შეკეთება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ჯერაც უცნობია, როდის მოხდება მათი შეკეთება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში უკვე გამოიდარა, თუმცა სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერ თოვას დღის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი