ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ყველა მიუსაფარ, დაუცველ ადამიანთა ჯგუფზე

10 დეკემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ყველა მიუსაფარ, დაუცველ ადამიანთა ჯგუფზე

“ჩვენმა მთავრობამ არაერთხელ განაცხადა და საქმითაც დაამტკიცა, რომ ადამიანის უფლებები ჩვენი პრიორიტეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოხდა შთამბეჭდავი ცვლილებები და პროგრესი უკვე სახეზეა.

 

ჩვენ უარი ვთქვით ისეთი პოლიტიკის წარმართვაზე, რომელიც გათვლილი იყო იაფფასიან პიარსა და ცხოვრების ფასადურ შელამაზებაზე. პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ წარვმართავთ, ადამიანზეა ორიენტირებული. ჩვენი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა და ამიტომაცაა ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი მთავარი ამოსავალი.

 

ადამიანის უფლება მეტია, ვიდრე მარტო თავისუფლება და თანასწორობა. ამასთან ერთად, ადამიანს სოციალური სამართლიანობა სჭირდება და ჩვენი ვალია დავიცვათ იგი სიღარიბისგან, ვიზრუნოთ ყველაზე მიუსაფარ, ყველაზე დაუცველ და საზოგადოებისგან მივიწყებულ ჯგუფებზე და ახლა, როცა ჩვენმა მთავრობამ მიაღწია იმას, რომ ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს და თავს თავისუფალ მოქალაქეებად მიიჩნევენ, ჩვენ ვალდებული ვართ მთავარი ძალისხმევა მივმართოთ სწორედ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ. სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას თავის მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრებისათვის. ამას კი პოლიტიკურ ნებასთან ერთად დიდი შრომა სჭირდება. მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა თავს გაართმევს ამ დიდ გამოწვევას, დაძლევს ყველა სირთულეს და წარმატება გარდაუვალი იქნება”, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი