ახალი ამბები

“სამხრე კამერებით შევქმენით დიდი მოლოდინები, თუმცა ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვიჭირდა” – გახარია

18 მაისი, 2018 •
“სამხრე კამერებით  შევქმენით დიდი მოლოდინები, თუმცა ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვიჭირდა” – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული პოლიცია აღმოსავლეთევროპელ კოლეგებს ტექნოლოგიურად ჩამორჩება. მინისტრის თქმით, ამ დონის გაუმჯობესება დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდისთვისაა საჭირო. ამ თემაზე საუბრისას გახარიამ საპატრულო ეკიპაჟების წევრთა სამხრე კამერების შესახებაც ისაუბრა:

“რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ხარისხობრივად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეების მომსახურებას, ასევე, ჩვენი საპატრულო ინსპექტორების უსაფრთხოებას – ეს გახლავთ სამხრე კამერები. ბევრი იყო ამაზე საუბარი და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ სამხრე კამერების გამოჩენა ეს იყო, რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი. თუმცა გარკვეული ტექნოლოგიური პრობლემები აქ არსებობდა. ჩვენ ერთ მომენტში შევქმენით დიდი მოლოდინები, თუმცა შემდგომ ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვიჭირდა” – თქვა გახარიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და პოლიციის თანამშრომლები უკეთესი ტექნიკით აღჭურვა. მინისტრის თქმით, ძველი სამხრე კამერები უწყვეტ რეჟიმში მხოლოდ 45 წუთს იღებდა, ახალი კი 9 საათის განმავლობაში ახდენს ვიდეოგადაღებას:

“დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე შევიძინეთ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სამხრე კამერები. მარტივი მაგალითი შემიძლია გითხრათ, ის, რაც ჩენ გვქონდა აქამდე, თანმიმდევრული ჩაწერის რესურსი გახლდათ დაახლოებით 40 წუთი, დღეის მდგომარეობით ეს არის 9 საათი. შემდგომ ამ ინფორმაციის მართვაც ხდება სისტემატიზირებულად, სერვერული ინფრასტრუქტურა არის გაძლიერებეული, არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ყველაფერი ცოცხალ რეჟიმში ხდება და ეს, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს როგორც პოლიცის კონტროლს, ასევე, მისი უსაფრთხოების ნაწილს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გადავდგამთ ბევრ ნაბიჯს” – თქვა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი